ახალი ამბები

თბილისში საბავშვო ბაღები ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე დაიხურება – კალაძე

4 ნოემბერი, 2020 • 1187
თბილისში საბავშვო ბაღები ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე დაიხურება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 5 ნოემბრიდან თბილისში საბავშვო  ბაღები დაიხურება იქამდე, სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყემადე განაცხადა.

კალაძემ თავის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საბავშვო ბაღების დახურვის შემდეგ ბავშვები საკვებით მაინც უზრუნველყონ. კერძოდ, კალაძის თქმით, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, საბავშვო ბაღებში მივიდნენ და წამოიღონ პროდუქტი, რომლითაც შემდეგ სახლში საკვების მომზადებას შეძლებენ.

“შეზღუდვები გაგრძელდება მანამ, სანამ რეკომენდაციები არ იქნება მოწოდებული საბჭოს მხრიდან”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, ბაღების დახურვა ეხება მხოლოდ მუნიციპალურ ბაგა-ბაღებს და შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო ბაღებზე.

გუშინ, 3 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ სკოლები 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდოდა, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, შეზღუდვა არ ეხებოდა საბავშვო ბაღებს.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო ხელისუფლებამ 3 ნოემბერს ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა, მათ შორის, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა 4-დან 25 ნოემბრამდე დისტანციურად წარიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი