ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსებისთვის ბინების მიყიდვაზე დებატები განახლდა

4 ნოემბერი, 2020 • 1649
აფხაზეთში რუსებისთვის ბინების მიყიდვაზე დებატები განახლდა

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთში უცხოელებზე, კერძოდ რუსეთის მოქალაქეებზე, ჩაწერისა და მოქალაქეობის მიღების გარეშე უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ დებატები განახლდა.

უცხოელებზე უძრავი ქონებისა და მიწის გაყიდვა აფხაზეთში აკრძალულია. თუმცა არარეზიდენტებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი 2014 წლის შემდეგ პერიოდულად იძენს ხოლმე აქტუალობას. 2016 წელს უძრავი ქონების გაყიდვის პერსპექტივაზე საუბრობდა სერგეი შამბაც, თუმცა 2020 წელს აღნიშნულმა თემამ ახალი კონტექსტი შეიძინა.

აფხაზეთის პარლამენტში პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან რიგი წინდადებები შევიდა, რომელიც “აფხაზური და რუსული კანონმდებლობების ჰარმონიზაციისთვის არის საჭირო”. მათ შორისაა ურძავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაციის პროექტი. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი ჟღერს ასე: “ცვლილებების შეტანა აფხაზეთის რესპუბლიკის არსებულ კანონმდებლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებით იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო”.

პარლამენტში ერთ-ერთ განხილვაზე დეპუტატმა ნატალი სმირმა აღნიშნული კანონპროექტი აფხაზეთის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ დაასახელა.

ამავე დროს, ყველა დეპუტატი ამ აზრს არ იზიარებს. ნათელა აკაბამ, რომელიც დღეს აფხაზეთში საკონსტიტუციო რეფორმების კომისიას ხელმძღვანელობს, ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ “ეკონომიკური განვითარების ტერიტორიების წარმოქმნა და აპარტამენტების მშენებლობა აფხაზეთში სამუშაო ადგილებს შექმნის, ამავე დროს, გარანტირებული იქნება რესპუბლიკაში ეკონომიკის ზრდა.  მისი აზრით, “რესპუბლიკის თავისებურებებიდან გამომდინარე საჭიროა ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – გათვალო აპარატამენტების კვოტები, ასევე, ინდივიდუალურად განიხილო თითოეული პოტენციური მყიდველი”.

დეპუტატის ეს განცხადება კრიტიკის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში, რაც, თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე ექსპერტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდის გამართვის მიზეზიც გახდა.

დისკუსიის ინიციატორები მისი მონაწილეები იყვნენ – საზოგადოებრივი პალატის წევრები, მკვლევრები, ბიზნესმენები და სამოქალაქო აქტივისტები.

მრგვალი მაგიდა მეწარმემ ,აბესალომ კვარჩიამ გახსნა. მისი განმარტებით, სოხუმში დეპრესიული რეგიონების განვითარება და უძრავი ქონების გაყიდვა განუყოფელი საკითხებია, რასგანაც მიიჩნევს, რომ “ვერ მოიზიდავ ინვესტორს, თუკი უძრავი ქონების მიყიდვის საშუალება არ მიეცი”. შესაბამისად, კვარჩია უცხოელს აფხაზეთში აპარტამენტის ყიდვას სთავაზობს მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩაწერის გარეშე.

“ამ აპარტამენტებში მაღალი კომუნალური გადასახადები უნდა იყოს”, – ამბობს აბესალომ კვარჩია და ამ მრხივ ტყვარჩელის განვითარების საჭიროებაზე და განვითარების სტრატეგიებზე საუბრობს.

კვარჩიას ოპონირებას უწევდა საზოგადოებრივი პალატის წევრი რისმაგ აჯინჯალი. მისი აზრით, “ვერ განვითარდება რაიონი, თუკი მას რესურსებს გამოაცლი”. რისმან აჯინჯალი დარწმუნებულია, რომ უძრავი ქონების გაყიდვა სტრატეგიული რესურსის ხარჯვაა.

“მე ვერ გენდობით, აბესალომ, რატომ აბამთ რაიონის განვითარებას და უძრავი ქონების გაყიდვას ერთმანეთს. უკვე არსებობს ვლადისლავ არძინბას მიერ შექმნილი სქემა – ერთობლივი საწარმოები. ინვესტორი ქმნის ერთობლივ საწარმოს/კომპანიას ადგილობრივ მცხოვრებთან და შემდეგ აკეთებს საკუთარ საქმეს. ამ სქემას შეუძლია ეფექტური იყოს. მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს ნორმალური სახელმწიფო. მე ვერ ვენდობი ჩინოვნიკებს. თუკი არსებული მექანიზმი არ მუშაობს, ფიქრობთ, ახალი იმუშავებს?”

რისმაგ ჯინჯოლიას თქმით, პირველ რიგში, საჭიროა ანტიკორუფციული კანონის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ რაიმე განვითარების სტრატეგიებზე და საინვესტიციო პროექტების რეალიზებაზე ფიქრი.

მოწინააღმდეგე მხარე, ამ შემთხვევაში აბესალომ კვარჩია კი აცხადებს, რომ ქალაქების დაცარიელება და მრავალსართულიან შენობებში ამოსული ხეები არანაკლები დანაშაულია, ვიდრე უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა.

მრგვალი მაგიდის კიდევ ერთი მონაწილე კადირ არგუნი, ფერმერი და ტყვარჩელის მცხოვრები, უარს ამბობს უძრავი ქონების გაყიდვის საკითხზე მსჯელობაზე. მისი თქმით, ეს საკითხი საერთოდ არ არის ამჟამად აქტუალური, რადგან დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას აფხაზეთში – მედიცინა, დასაქმება და ახალგაზრდა აფხაზი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

“რატომ ვსაუბრობთ მუდმივად იმაზე, რომ უძრავი ქონება უნდა მივყიდოთ უცხოელებს და მათი ინვესტიციები გვჭირდება რამეში. ჩვენ დიდი დიასპორა გვყავს, ბევრი მსხვილი აფხაზი ბიზნესმენია და სწორედ მათ შევთავაზოთ პროექტები. მათ იყიდონ მთელი აფხაზეთი, თუ სურთ. თუმცა უძრავი ქონების ბაზარი პოლიტიკური საკითხია და სწორედ ეს არისპრობლემა”, – ამბობს არგუნი, რომელიც მხარს უჭერს სოფლის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას.

იურისტი ფრიდა ლაზბა მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის მინიჭების გარეშეც უცხოელებისთვის აპარტამენტების მიყიდვაში საშიში არაფერია.

“დღეს ჩვენთან ყვავის უძრავი ქონების არალეგალური ბაზარი. ყიდულობენ უძრავ ქონებას უცხოელები, აფორმებენ ადგილობრივ აფხაზებზე ან საერთოდ არ აფორმებენ. შედეგად, გადასახადების სახით ბიუჯეტში არაფერი შედის”, – ამბობს ლაზბა.

იურისტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებლის გაყიდვის მექანიზმი რუს სპეციალისტებთან ერთობლივად უნდა შემუშავდეს.

ნადეჟდა ვენედიკტოვა, ჟურნალისტი და საზოგადოებრივი პალატის წევრი კი აცხადებს, რომ რაიონების განვითარებისთვის საჭიროა არა უძრავი ქონების გაყიდვა, არამედ ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა, ფინანსური თუ არა, სამეწარმეო განათლების კუთხით მაინც.

ორსაათიანი დისკუსიის მიზანი, რომელიც მრგვალი მაგიდის დაწყებისთანავე მისმა მონაწილეებმა დაისახეს, მიღწეული იყო- კონტრუქციული დიალოგი ყველაზე მწვავე საკითხებზე უკიდურესად განსხვავებული ხედვების მქონე მოქალაქეებს შორის.

დისკუსია უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხზე სოხუმში; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2020

“მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს”, – განაცხადა რამდენიმე კვირის წინ რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კითხვაზე აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს აფხაზეთის ხელისუფლება დაითანხმოს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვისას დაიკანონონ შეძენილი ქონება. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, აფხაზები ბევრჯერ გაკიცხვის ობიექტიც გამხდარან მოსკოვის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი