ახალი ამბები

არჩევნების ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი განხილვა მნიშვნელოვანია — ევროკავშირი

1 ნოემბერი, 2020 • 1015
არჩევნების ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი განხილვა მნიშვნელოვანია — ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

პრესსპიკერი ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებსა და დასკვნებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

თუმცა, როგოც ის ამბობს, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

მისი თქმით, კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე, საგულდაგულო განხილვა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა განაგრძოს.

“მნიშვნელოვანია თავისუფალი და ჯანსაღი მედიაგარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი,მეორე ტურის დღეს”, —აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი