ახალი ამბები

კობახიძეს იმედი აქვს, რომ “ოცნება” 92 მანდატს მოიპოვებს პარლამენტში

1 ნოემბერი, 2020 •
კობახიძეს იმედი აქვს, რომ “ოცნება” 92 მანდატს მოიპოვებს პარლამენტში

“ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, იმედი აქვს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებით, პარტია პარლამენტში 92 მანდატს მოიპოვებს. ბრიფინგი კობახიძემ პირველ ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს გამართა.

ამ დროისათვის [12:00], დათვლილია საარჩევნო ხმათა 84%-მდე. წინასწარი შედეგებით “ქართულ ოცნებას” 48.28% აქვს. მეორე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია” 26.57%-ით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოცემული შედეგებით “ქართული ოცნება” უკვე იღებს 62 მანდატს, რასაც მან დაუმატა კიდევ 14 მანდატი ამდენივე მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც, მისივე თქმით, მმართველი პარტია “დამაჯერებლად იმარჯვებს”.

“მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია დავადგინოთ ის, რომ “ქართულ ოცნებას” 76 მანდატი ზუსტად აქვს გარანტირებული  მონაცემებით. ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირველივე ტურში მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და, შესაბამისად, ის ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როცა შედგება პარლამენტის პირველი სხდომა”, – თქვა მან.

კობახიძეს ასევე იმედი აქვს, რომ მისი პარტია “დამაჯერებლად გაიმარჯვებს” დარჩენილ 16 მაჟორიტარულ ოლქში და საბოლოოდ, შედეგი 92 მანდატამდე გაიზრდება.

კითხვაზე, რატომ ვერ მოიპოვა “ოცნებამ” 60%, როგორც ამას პარტია ვარაუდობდა, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას 2 ძირითადი მიზეზი აქვს, რომელმაც “ბოლო 2 კვირაში” იჩინა თავი და ამაზე პარტია სამომავლოდ ისაუბრებს. ერთ-ერთ მიზეზად მან პანდემიის კრიზისი დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნების დახურვიდან 16 საათზე მეტი გავიდა, თბილისში ჯერ კიდევ არ არის სრულად დათვლილი საარჩევნო უბნები. ცესკოს ამ დროისათვის დედაქალაქის უბნების 20-30%-ის შედეგები აქვს გამოქვეყნებული.


ცესკოს წინასწარ შედეგებს ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. პირველი აქცია დღეს, პირველ ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 16 საათზეა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი