ჟურნალისტ მარიანა კოტოვას ბლოგი სოხუმიდან
COVID-19 არ არის ჩვეულებრივი გრიპი. ამ დაავადებას სხვანაირად გრძნობ და სხვანაირად მკურნალობ. მე COVID-19-ის მკურნალობა 30 ოქტომბერს დავასრულე.
პირველი და ყველაზე მთავარი დასკვნა, რომელიც ინფექციასთან ბრძოლის პროცესში გამოვიტანე, ისაა, რომ აქ დახმარებას არ უნდა ელოდო. მხოლოდ საკუთარი თავის, პირადი კავშირების, რიგ შემთხვევაში თავხედობისა და ფულის იმედი უნდა გქონდეს.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ხველა, მთელი სხეულის ტკივილი, გულისრევა და თავის ტკივილი 6 ოქტომბერს დამეწყო. მაშინვე ექიმს მივმართე, რომელმაც ტესტზე მიმართვა მომცა.
ექიმებთან დაკავშირება კიდევ ერთი რთული საკითხია აფხაზეთში. საჭირო ტელეფონის ნომრების მოძიება მხოლოდ ფართო სოციალური კონტაქტების წყალობითაა შესაძლებელი.
ჩემი დაინფიცირების პროცესში კერძო ლაბორატორიებს ჯერ კიდევ აკრძალული ჰქონდათ PCR დიაგნოსტიკისთვის ბიომასალის შეგროვება, მაშინ როდესაც სახელმწიფო სანიტარული სამსახური ტესტირებას ვერ ასწრებდა.
ტესტზე ლაბორატორიაში მხოლოდ 15 რიცხვისთვის ჩამწერეს. აქვე გამაფრთხილეს, რომ შედეგები მინიმუმ რვა დღეში იქნებოდა ცნობილი.
პარალელურად, კლინიკური სურათი უარესდებოდა. ტემპერატურამ ამიწია, ხველა უფრო ღრმა და მტანჯველი გახდა, დამეწყო თავბრუსხვევა. ნაცნობობის წყალობით, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუღწეველ ლაბორატორიაში გამომიძებნეს ადგილი, რაზეც კრიტიკული მდგომარეობის გამო უარი არ მითქვამს და ნაცნობობით ვისარგებლე.
ექიმმა, რომელსაც დავუკავშირდი, დანიშნულება არ გამომიწერა, მხოლოდ ის მკითხა, რამე წამალს თუ ვსვამ. შესაბამისად, კოვიდით დაინფიცირებული ნაცნობების რეკომენდაციით, სხვა ექიმის მოძებნა გადავწყვიტე. დამაკავშირეს დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პულმონოლოგს, რომელიც მესენჯერის საშუალებით კონსულტაციას უწევდა დაინფიცირებულებს. სრულიად უსასყიდლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ანალიზებისა და რენტგენის პასუხები შეისწავლა და დანიშნულება მოგვცა. ამავე დროს, 24 საათი მასთან კომუნიკაციის საშუალება მქონდა.
აფხაზეთში მედიცინა უფასოა, თუმცა ექიმის კაბინეტიდან გამოსვლისას იშვიათია, ვინმემ ექიმს მაგიდაზე ან ჯიბეში მსხვილი კუპიურა არ დაუტოვოს. ქრთამის საშუალო ტარიფი ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ საჭირო თანხის ნახევარს შეადგენს. თუმცა COVID-19-მა აჩვენა, რომ ჯანდაცვა აფხაზეთში შეიძლება უფასოც იყოს, სახელმწიფომ სამედიცინო პერსონალს ხელფასიც გადაუხადოს და საავადმყოფოები ელემენტარული მედიკამენტებით აღჭურვოს. ეს მაშინ გაირკვა, როდესაც ჩემი ოჯახის ასაკოვანი წევრი სახლში 10- დღიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.
ჩვეულებრივ პირობებში ჰოსტპიტალიზაცია აფხაზეთის მოსახლეობას ფინანასურად ძვირი უჯდება, ამასთან, საავადმყოფოში ყველაფერი – ნემსებიდან დაწყებული, საწოლის თეთრეულამდე დამთავრებული პაციენტის საზრუნავია. პანდემიის პირობებში კი ჩვენი ოჯახის წევრისთვის, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, მხოლოდ ორი დეფიციტური და ძვირადღირებული მედიკამენტის ყიდვა მოგვიწია.
“საკვებიც კი მოჰქონდათ ჩვენთვის. მედდები ძალიან ყურადღებიანები და თავაზიანები იყვნენ დამატებითი საფასურის გარეშე. გოგონები დამცავ კომბინიზონებში დღე და ღამე ჩვენ გარშემო დარბოდნენ და ჩვენი მდგომარეობის შესახებ ექიმებს ანგარიშს აბარებდნენ, მათ დავალებებს ასრულებდნენ. ჩვენ თითქმის არ გვინახავს ექიმები, ძირითად საქმეს მედდები და სანტრები ასრულებენ”, – ამბობს ჩემი ოჯახის წევრი, რომლის ერთკვირიან მკურნალობაზეც სტაციონარში დაახლოებით 100 ევრო დავხარჯეთ.
ბევრად მეტი უჯდება მკურნალობა კორონავირუსის მქონე პაციენტებს ბინაზე.
მე, ჩემს ქმარს და შვილს ანტიბიოტიკებით ორკვირიანი მკურნალობა და პროტოკოლით გათვალისწინებული კიდევ რამდენიმე პრეპარატის მიღება მოგვიწია. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯებია სპეციალურ ანალიზებზე, რომელიც კორონავირუსის დროს ორგანიზმის მდგომარეობის საკონტროლოდ არის საჭირო. ასეთ ანალიზებს აფხაზეთში მხოლოდ კერძო ლაბორატორიებში აკეთებენ. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში პერიოდულად არის რეაქტივების დეფიციტი და საკუთარი პაციენტების სინჯსაც კერძო ლაბორატორიებში გზავნიან, რა თქმა უნდა, პაციენტების ხარჯით.
კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება აფხაზეთში შეუძლებელია. ქალაქ გუდაუთაში მოწყობილი კორონავირუსის ცენტრისთვის თანამედროვე აპარატი ჯერ კიდევ გაზაფხულზე აფხაზი მეწარმეებისა და ბიზნესმენების გაერთიანებამ საკუთარი სახსრებით შეიძინა, თუმცა დანადგარი ვერ აამუშავეს.
ტომოგრაფიის აპარატი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიცაა, თუმცა საავადმყოფო ახლა მხოლოდ კოვიდ-უარყოფით პაციენტებს ემსახურება. შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში აფხაზი ექიმები მხოლოდ რენტგენის მონაცემებს ეყრდნობიან.
რენტგენის აპარატი ინფექციურ საავადმყოფოშია. ლაბორანტები რენტგენის სურათს ექიმებს მესენჯერით უგზავნიან. შესაბამისი მკურნალობაც ასე, დისტანციურად ინიშნება.
მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს, სოხუმის საბავშვო პოლიკლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებისთვის ცალკე კაბინეტი გაიხსნა. იქამდე ყველა ბავშვს, ჩემს შვილსაც საერთო კაბინეტში იღებდა პედიატრი, იმის მიუხედავად, რომ ყველამ იცოდა, კოვიდ-დადებითი ვარ. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ აფხაზეთში ბინაზე სამედიცინო მომსახურების სერვისი არ არსებობს და ნებისმიერ სიტუაციაში მშობლებს თავად მიჰყავთ ბავშვი კლინიკაში. კორონავირუსის დროსაც იგივე სქემა მუშაობს.
იზოლაციისა და თვითიზოლაციის გაგება აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირებულებისთვისაც კი ფარდობითი ცნებაა. ჩემი საკუთარი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები, ისინი, ვისაც ვირუსი ტესტით აქვთ დადასტურებული, აქტიურად გადაადგილდებიან ქალაქში – მაღაზიებში, აფთიაქებში, სურსათის მაღაზიებსა და პოლიკლინიკებში.
ასეთი ქცევის გამო ბევრი გვადანაშაულებს და უპასუხისმგებლობას უწოდებს, თუმცა, დამხმარეების გარეშე, როდესაც მთელი შენი ოჯახი დაინფიცირებულია – ალტერნატივა არ არსებობს. ინფიცირებულებს თავად უწევთ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენაც და გადარჩენაც. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ არსებობს.
“დღემდე არ ვიცი, რაზე ვმკურნალობ. ნოემბრის შუა რიცხვებამდე ტესტზე ვერ ჩამწერეს, ადგილი არ იყო. კერძო ლაბორატორიაში ტესტის ჩაბარება 2500 რუსული რუბლი [დაახლოებით, 30 ევრო] ღირს, რაც ჩემთვის ძალიან ძვირია, ვერ გადავიხდი. ანტიბიოტიკს ვიკეთებ ნემსის სახით, მაგრამ ტემპერატურა მეორე კვირაა არ იწევს დაბლა, ალბათ, ანთება მაქვს. სახლიდან გავდივარ ხოლმე სასეირნოდ, რატომ უნდა ვიჯდე სახლში, მე ხომ არ მაქვს დადასტურებული დიაგნოზი? თუ უნდათ, რომ ყველა, ვინც ავადაა, სახლში იჯდეს, დროზე გაუკეთონ ტესტები”, – მეუბნება ნაცნობი.
სხვათა შორის, ჩემი ანალიზის დადებითი პასუხი მხოლოდ 8 დღის შემდეგ მივიღე. ჩემმა ოჯახის წევრმა კი, საავადმყოფოდან გაწერამდე ერთი დღით ადრე.