ახალი ამბები

ზუგდიდში უბანზე 39 ამომრჩეველს პროპორციული ბიულეტენი არ მისცეს

31 ოქტომბერი, 2020 • 1122
ზუგდიდში უბანზე 39 ამომრჩეველს პროპორციული ბიულეტენი არ მისცეს

ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე 39 ამომრჩეველს მხოლოდ ის ბიულეტენები გადასცეს, რომლითაც მაჟორიტარ კანდიდატებს ირჩევენ და არ გადასცეს ის ბიულეტენები, სადაც პოლიტიკური პარტიებია ჩამოთვლილი — პროპორციული არჩევნებისთვის.

ინფორმაცია თავდაპირველად „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა და ზუგდიდის 27-ე ოლქის 89-ე საუბნო კომისიამ დაადასტურა.

როგორც „ევსაქების“ წარმომადგენელი ბესო დონაძე ეუბნება „ნეტგაზეთს“, ამ 39 ადამიანს, ფაქტობრივად, ხმის უფლება წაართვეს. დონაძე ამბობს, რომ ეს არჩევნების გაყალბების მცდელობა იყო, რომელიც აღმოჩენის შემდეგ „შეცდომად“ შეფუთა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.

„ნეტგაზეთს“ 89-ე საუბნო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად კუტალიამ დაუდასტურა, რომ 39 ადამიანისთვის პროპორციული სიების ბიულეტენები არ მიუციათ, თუმცა ეს მიზანმიმართულად არ მომხდარა:

„მეც მიკვირს, ასეთი რამ როგორ მოხდა… მეც, რეგისტრატორებს, სხვა კომისიის წევრებს, მეთვალყურეს, [გამოგვრჩა]. თითქმის 30 ადამიანი ვიყავით და ამომრჩევლებიც მაგაზე მეტნი იყვნენ, ერთს მაინც რომ ეთქვა“…

კუტალიას თქმით, როგორც კი პრობლემა შენიშნეს, მაშინვე გამოასწორეს და სხვა ამომრჩევლებს გადასცეს მეორე ბიულეტენი. „მაგრამ დიახ, მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი“, – ამბობს ის.

ეს 39 ადამიანი ხმას ვეღარ მისცემს პროპორციულ სიას.

ზუგდიდში 107 საარჩევნო უბანია, რასაც ორი უბანი ემატება კოვიდ-ინფიცირებულთათვის საკარანტინე სივრცეში. ოლქში 120 ათასზე მეტი ამომრჩეველია.

გარეკანის ფოტო: რადიო ათინათი

მასალების გადაბეჭდვის წესი