ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ რამდენიმე საარჩვენო უბანზე ხმის მიცემის პროცესში ხარვეზები დაფიქსირდა.
საუბარია საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთს ძირი არ ჰქონდა. მიქელაძის თქმით, პრობელმა აღმოფხვრილია და ამ შემთხვევას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე გავლენა არ ჰქონია.
“საარჩევნო უბანზე ყუთის ძირის მთლიანობა იყო დარღვეული, თუმცა აღნიშნული ხარვეზი დროულად იყო აღმოფხვრილი. უფლებამოსილი პირები, ვინც საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, შეთანხმდნენ და ადასტურებენ, რომ ამ შემთხვევას არანაირ გავლენა არ ჰქონია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და დროულად აღმოიფხვრა აღნიშნული პრობლემა”, — განაცხადა ანა მიქელაძემ.
კიდევ ერთი ხარვეზი, რომელზეც მან ისაუბრა, ესაა გურჯაანის 31-ე უბანზე, ვაკის 54-ე უბანზე და მარნეულის 47-ე უბანზე საარჩევნო ბიულეტენებზე “ევროპული საქართველოს” საარჩევნო ნომრის მოხევა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, დაზიანებული ბიულეტენების შეცვლას კანონმდებლობა ითვალისწინებს და აღნიშნულ უბნებზე მსგავსი ტიპის პრობლემა აღარ ყოფილა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზემდგომი საარჩევნო ინსტანცია იმსჯელებს.
“სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტი რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, რომ კომისიამ თავისი უფლებამოსილება უნდა შეასრულოს კანონის განსაზღვრული წესის სრული დაცვით, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს. ბიულეტენების მოხევის დროს მან უნდა გამოიყენოს სახაზავი იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ბიულეტენი. რამდენიმე შემთხვევაში ეს ასე არ იყო გაკეთებული. ამის გამო დაზიანდა ბიულეტენი. კანონმდებლობა ითვალისწინებს, თუკი ბიულეტენი გაფუჭდება, შესაბამისად, შესაძლებელია მისი შეცვლა. ამის შემდეგ აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე მსგავსი ტიპის პრობლემა აღარ ყოფილა”, — განაცხადა მიქელაძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 292 587 მომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 8.33%-ია.