- $12-მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოში და ინდუსტრიული პარკები
- “ინდივიდუალური ჯანმრთელობის გეგმა ყველა მოქალაქეს”
- საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზება და დეპოლიტიზება
- ანტისაოკუპაციო სტრატეგიის შემუშავება
ამ გზავნილებს “სტრატეგია აღმაშენებლის ” წინასაარჩევნო დაპირებათა შორის ამოიკითხავთ. “ნეტგაზეთმა” პარტიის წევრებს ჰკითხა, როგორ და რა ვადებში წარმოუდგენიათ დაპირებათა შესრულება, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
პარტიის შესახებ
პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება “ახალი საქართველო” 2016 წლის 5 ივნისს დააფუძნა, შემდგომ კი ოპოზიციურ კოალიცია “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა.
პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” 2020 წლის ივლისში, მას შემდეგ შეიქმნა, რაც გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” დატოვეს.
პარტიის მმართველობითი ორგანოა პოლიტსაბჭო, რომელიც 12 წევრისგან შედგება. პარტიის თავმჯდომარეა გიორგი ვაშაძე. „სტრატეგია აღმაშენებელი” მემარჯვენე-ცენტრისტულ იდეოლოგიას ემხრობა, მხარს უჭერებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის პროდასავლურ კურსს.
ეკონომიკა
“სტრატეგია აღმაშენებელი” საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იმპორტდამოკიდებულების შემცირებასა და ექსპორტის ზრდას განიხილავს. კითხვას, როგორ აპირებენ პარტია დისბალანსის აღმოფხვრას, პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პასუხობს, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ადგილობრივი წარმოების გაზრდაა.
ამ კუთხით ორი ძირითადი მიმართულების – მიწის ბანკისა და ცოდნის ბანკის – განვითარების აუცილებლობას ასახელებს. 2014 წლის აღწერით, საქართველოში 642 000-ზე მეტი მეურნეობაა, რომელთა 10%-ზე მეტი საერთოდ არ ფლობს მიწის ნაკვეთს, 77% კი 1 ჰექტარზე ნაკლებ ფართობ მიწას ფლობს.
აღნიშნული მონაცემების ფონზე, როგორ აპირებს “სტრატეგია აღმაშენებელი” სამეურნეო მიწის ფართობების იმგვარად გაზრდას, რომ შედეგად გაზრდილი წარმოება ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებზეც აისახოს?
პაატა მანჯგალაძის თქმით, მიწის ბანკის მოწესრიგების გეგმა სწორედ იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფომ მოახდინოს სამეურნეო მიწების სისტემატიზაცია და ის ნაკვეთები, რომლებიც დღეს კონკრეტული მფლობელის გარეშე, სახელმწიფოს სახელზეა რეგისტრირებული, გადაეცეთ მათ, ვინც რეალურად გამოიყენებს მას. გარდა ამისა, პარტია გეგმავს “კვაზისასამართლოს” ჩამოყალიბებას, რომელიც სადავო მიწების საკითხის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
“შემდგომ უნდა დაიწყოს ფართობების გამასიურება. 1 და 1.5 ჰექტარზე მოწეული მოსავლით ჩვენი გლეხი ვერანაირ კონკურენციაში ვერ შევა დიდ ფერმერულ მეურნეობებთან”, – ამბობს ის.
მეორე მხრივ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ე.წ. ფერმერთა სახლების ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლებიც ხელს შეუწყობენ “ცოდნის დისტრიბუციას მათთან”: როგორ უნდა იმუშაონ, რომელი კულტურებია მომგებიანი რეგიონში და ა.შ. მანჯგალაძის თქმით, გლეხების დიდი ნაწილი კვლავ მეცხრამეტე საუკუნის ტრადიციით ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი, რაც კონკურენციასა და წარმოების გაზრდას ხელს ვერ შეუწყობს.
პარტიის გეგმებს შორისაა გლეხების დახმარება პროდუქციის რეალიზების საქმეშიც, ხოლო შემდგომ, უკეთესი ტექნოლოგიების შეთავაზება მათთვის.
პარტია 4 წლის განმავლობაში გეგმავს $12 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვასა და შედეგად, 300 000 სამუშაო ადგილის შექმნას. კითხვაზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რით აპირებს სახელმწიფო, დააინტერესოს ინვესტორი, პაატა მანჯგალაძე პასუხობს, რომ პირველ რიგში, აუცილებელია რიგი რეფორმები საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. ამ კუთხით ის სასამართლო რეფორმის აუცილებლობას ასახელებს, რომლის შინაარსზეც პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მემორანდუმიც გააფორმა.
მისივე თქმით, პარტია ასევე განიხილავს წამახალისებელ ღონისძიებებს ინვესტორებისათვის, როგორიცაა მიწის გადაცემა იჯარით, უსასყიდლოდ, ანდა მიწის ნაკვეთის ჩუქება, თუ ეს სახელმწიფო ინტერესებთან იქნება შესაბამისობაში.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელ დარგებში წარმოუდგენიათ ყველაზე დიდი ინვესტიციების მოზიდვა, პარტიაში ასახელებენ “ინდუსტრიული პარკების” იდეას, რომელიც 9 ცენტრის მშენებლობის გეგმას აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა სამშენებლო, ტანსაცმლის ინდუსტრიის, ავეჯისა და სხვა ინდუსტრიული პარკები. მანჯგალაძის თქმით, პროექტი გულისხმობს საწარმოო კომპლექსების შექმნას, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ყველა კომპონენტს გააერთიანებს.
ზემოხსენებულ ინდუსტრიულ პარკებში პარტია 95 000 ადამიანის დასაქმებას აპირებს. 90 000 სამუშაო ადგილის შექმნას ის აგრარულ სექტორში გეგმავს, 96 000 სამუშაო ადგილი კი, “სტრატეგია აღმაშენებლის” პროგრამის თანახმად, ბრენდულ სასტუმროებში, მცირე ზომის სასტუმროებსა და ე.წ. აპარტ ოტელებში გეგმავს.
კითხვაზე, როგორ აპირებს პარტია, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამგვარად შეუწყოს ხელი სასტუმროების ბიზნესის განვითარებას, პასუხობენ, რომ ეს დამოკიდებული იქნება პანდემიის კრიზისის შემდგომ მასშტაბებზე. სხვა მხრივ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ხედვით, სახელმწიფომ უნდა დააინტერესოს ინვესტორები, ჩადონ ფული სასტუმროებისა და ე.წ. აპარტ ოტელების ბიზნესის განვითარებაში არა მხოლოდ ამჟამინდელ ტურისტულ რეგიონებში, არამედ საქართველოს ტურისტული პოტენციალის მქონე სხვა კუთხეებშიც.
“სახელმწიფოს როლი იქნება სწორი ინფრასტრუქტურული პროექტები, ორგანიზებული გზები, ორგანიზებული ბაზრები რაიონულ ცენტრებში, ინტერნეტთან წვდომა… ახალ ლოკაციებში რომ დაინტერესდნენ ინვესტირებით, ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას კომფორტი”, – ამბობენ პარტიაში.
პარტიის ხედვით, “სწორი საინვესტიციო პოლიტიკის” შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან მეორე წელს, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ “ორნიშნა რიცხვსაც” მიაღწიოს.
ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებელმა” ხელი მოაწერა საერთო ოპოზიციურ მემორანდუმს, რომლის შინაარსზეც ვრცლად წაიკითხავთ აქ.
ჯანდაცვა
“სტრატეგია აღმაშენებელს” მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამჟამინდელი სისტემა “სრულად ვერ ასახავს იმ საჭიროებებს, რომლებიც ადამიანებს აქვთ”. პარტიის აზრით, სისტემა გასაფართოებელია და პირველ რიგში, აუცილებელია წამლის კომპონენტის დამატება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, გეგმა ითვალისწინებს ე.წ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიის შედგენას, შემდგომ კი, მათ ინტეგრირებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
მისივე თქმით, მოსაწესრიგებელია სისტემის ფინანსური მოდელი, მონიტორინგის მექანიზმი და ხარისხი, რიგი პროგრამები კი გასაფართოებელია. კითხვას, რამდენ ხანში წარმოუდგენია პარტიის პროგრამის მოდერნიზაცია, სერგო ჩიხლაძე პასუხობს, რომ საკითხი კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს, რასაც 1.5-2 წელი მაინც დასჭირდება, “სწორი პოლიტიკისა და კვალიფიციური კადრების ჩართვის” შემთხვევაში.
“სტრატეგია აღმაშენებელს” ასევე ეკუთვნის ინიციატივა “ინდივიდუალური ჯანმრთელობის გეგმა”, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის პერსონალური ჯანდაცვის გეგმის შედგენას გულისხმობს, დაწყებული დაბადებიდან ან პროგრამაში ჩართვიდან. პარტიის ხედვით, პროგრამა დაეხმარება მოქალაქეს, ოჯახის ექიმის დახმარებით ჩაიტაროს ყველა სავალდებულო აცრა, გაიაროს საჭირო სამედიცინო პროცედურები, ჰქონდეს წვდომა რეცეპტით დანიშნულ წამლებზე, დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი და ა.შ. კითხვაზე, რით განსხვავდება აღნიშნული პროექტი სერვისთა ერთობლიობისგან, რომელთაც მოქალაქეებს უკვე სთავაზობს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, სერგო ჩიხლაძე პასუხობს:
“საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს არ ფარავს. ეს გეგმა იქნება კომპლექსური გეგმა. დაბადებიდანვე ექნება ადამიანს შესაბამისი მართვის პანელი. და ერთ სისტემაში იქნება თავმოყრილი ამ ადამიანის მთელი ინფორმაცია[სამედიცინო ისტორია].
სადაც არ უნდა მოხვდეს ადამიანი, მთელი ამ ინფორმაციის მატარებელი იქნება თვითონ. ამასთან, ინფორმაცია მიუვა დაგეგმილი ვიზიტების, ანალიზის პასუხების, ახალი სამედიცინო სერვისების შესახებ და ა.შ.”
ჯანდაცვის სისტემის გაჯანსაღების კუთხით პარტიის კიდევ ერთი დაპირება სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ეხება. ამბობენ, რომ ამ კუთხით საქართველოს რეგიონის ლიდერად ქცევის შანსი აქვს, თუმცა საკითხს კომპლექსური მიდგომა და “5-10- წლიანი” მუშაობა სჭირდება.
2019 წლის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში შემოსული ვიზიტორების 1.8% (135 900 ადამიანი) ეწვია ქვეყანას მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით. სტატისტიკა არ მოიცავს კონკრეტული სამედიცინო სერვისებისა და ამ მიზნით შემოსული ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციას.
სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ რიგი პრობლემების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემის მიმართულებათა ნაწილი სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების პრობლემას არ უჩივის, მეორე მხრივ კი, ქვეყანას 100-ზე მეტი ბუნებრივი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ობიექტი გააჩნია, თუმცა სახელმწიფო აღნიშნულ პოტენციალს ჯეროვნად არ იყენებს.
კითხვას, როგორ წარმოუდგენია პარტიას სამედიცინო ტურიზმის განვითარება, მაგალითად, ინფექციური საავადმყოფოს ამჟამინდელი მდგომარეობის პირობებში, სადაც პანდემიის კრიზისის დროს წყალი ჩამოდის, ჩიხლაძე პასუხობს, რომ მსგავსი პრობლემები მენეჯმენტის კრიზისს უკავშირდება და თუნდაც ინფექციურის საკითხის მოგვარება ბევრად ადრეც შეიძლებოდა.
მისივე თქმით, “არის ცალკეული სფეროები, სადაც ტექნოლოგიებიც არის შემოსატანი”, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა შესაძლებელია ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის პირობებში, რათა უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში თავიანთი სამედიცინო სერვისების შემოტანით დაინტერესდნენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმებს შორისაა მედიკამენტებზე ფასების შემცირებაც 30%-ით.
საქართველოში წამლების ფასების საკითხი კომპლექსური საკითხია. ბაზარზე ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების წილი მხოლოდ 13%-ია, დანარჩენი კი სამ დიდ კომპანიას შემოაქვს, მათ შორის, პსპ-ს, რომელიც აღნიშნავს, რომ მაგალითად, თურქეთში წამლების ღირებულების დიდ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს, მწარმოებელთა დიდ ნაწილს ქარხანა თურქეთშივე აქვს და, ცხადია, წამლები იქ უფრო იაფი იქნება. ამასთან, ამბობენ, რომ სცადეს მათთან მოლაპარაკება მისაწოდებელი ფასების შემცირებაზე, თუმცა, უშედეგოდ.
მეორე მხრივ, ექსპერტები საუბრობენ ქართველი დისტრიბუტორების მაღალ მარჟებზე, დავით სერგეენკო კი ჯანდაცვის მინისტრად მუშაობისას ამბობდა, რომ საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების 100% კერძოა და ფასებს თავად ადგენენ.
სერგო ჩიხლაძის თანახმად, ამ შემთხვევაში “სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმა “ფასწარმოქმნის ევროპული სტანდარტის” დამკვიდრებას და ზღვრული მარჟების დაწესებას ითვალისწინებს. პარტიის გეგმებს შორის ასევე ნახავთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებას, რაც, პარტიის ხედვით, ასევე შეუწყობს ხელს ფასების დაწევას. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, პარტიის გეგმა აღიქმებოდეს ბიზნესის საქმიანობაში ჩარევად, პასუხობენ, რომ – არა. ჩიხლაძის თქმით, მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებშიც.
“ყველა გიგანტური ფარმაცევტული კომპანია ევროპაში ექვემდებარება ამ რეგულაციებს და არ მგონია, საფრანგეთში თუ გერმანიაში ბიზნესს ახრჩობდნენ და ფარმაცევტული გიგანტები სულს ღაფავდნენ”, – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.
მედპერსონალის ანაზღაურების ნაწილში პარტია კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებს, ვინაიდან ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კლინიკების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია და სახელმწიფო კერძო სტრუქტურების თანამშრომელთა ხელფასებს ვერ განსაზღვრავს. თუმცა ამბობენ, რომ რეფორმების შედეგად ეკონომიკაში, ჯანდაცვასა თუ ტურიზმში, “როცა ბაზარზე სამედიცინო მუშაკის შრომა უფრო მოთხოვნადი გახდება”, მედპერსონალის ანაზღაურებაც გაუმჯობესდება.
“ნეტგაზეთმა” პარტიის ლიდერებს სოციალურ მიმართულებაზეც ჰკითხა. პენსიებზე საუბრისას, პარტიის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ მისი ზრდის საკითხი ეკონომიკური ზრდის პროპორციულია. თუმცა, მისი თქმით, ამ ნაწილში ერთ-ერთი დიდი პრობლემა საპენსიო სესხია მაღალ პროცენტში. პაატა მანჯგალაძე ამის მიზეზად ლიბერთი ბანკის მონოპოლიას ასახელებს. პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იმუშავებს საპენსიო სესხის პროცენტის განახევრებაზე. მანამდე კი “სტრატეგია აღმაშენებელი” პირობას დებს, რომ 2020 წლიდან ყველა პენსიონერს 36-დან 40%-მდე სესხის პროცენტი ერთჯერადად, სრულად ჩამოეწერება.
განათლება
განათლების პოლიტიკის ნაწილში “სტრატეგია აღმაშენებელი” სამ პრიორიტეტს ასახელებს: დეცენტრალიზება, დეპოლიტიზება და მოდერნიზება.
პარტიის წევრს, ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ ამჟამად სახელმწიფო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს პედაგოგების რესურსს, რაც აფერხებს სკოლის განვითარებას. პარტია ამომრჩეველს სკოლის დეცენტრალიზებას და სასწავლო პროცესში მასწავლებლისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას ჰპირდება.
“პრობლემაა ფინანსების არქონა სკოლებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ცენტრალიზებულად განათლების სამინისტროზე და თითოეული დეტალი საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო ფინანსების მოძიებისა, ხვეწნა-მუდარის პროცესი აქვთ გასავლელი რესურსცენტრთან თუ სამინისტროსთან. ამიტომ რეფორმათა მთელი კასკადია შემუშავებული”, – აცხადებს ტოხვაძე.
ამასთან, პარტიაში ფიქრობენ, რომ ბაღის გამგე და სკოლის დირექტორი პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ ბაღის/სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა გარანტია, რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვის შემთხვევაში, “ამომრჩევლები” კომპეტენტურ ფიგურაზე შეაჩერებენ არჩევანს, ნანა ტოხვაძე პასუხობს, რომ პარტიას რისკები შესწავლილი აქვს და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სერტიფიცირებულ მუშაკებს შეეძლებათ, რაც კომპეტენციასთან დაკავშირებით კითხვებს აღარ გააჩენს.
“სტრატეგია აღმაშენებელი” ემხრობა ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადაყვანას და როგორც მისი, ისე სკოლის უკვე არსებული ვაუჩერული დაფინანსების გაზრდას. პარტიაში აცხადებენ, რომ დაფინანსება ყოველწლიურად 10-10%-ით გაიზრდება.
ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგის მსგავსად, “სტრატეგია აღმაშენებელშიც” ფიქრობენ, რომ როგორც ბაღში, ისე სკოლაში, ვაუჩერი მშობელს უნდა მიეცეს და თავად გადაწყვიტოს, სად მიიყვანოს შვილი – კერძო თუ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს პრაქტიკა საჯარო და კერძო ბაღებს/სკოლებს შორის კონკურენციას გაზრდის. გაზრდილი ვაუჩერით კი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა, პედაგოგებს ხელფასები გაუზარდონ.
პარტიის გეგმით, პირველივე წელს არის შესაძლებელი არჩეული სკოლის დირექტორის ხელფასმა 3000 ლარს მიაღწიოს, საბავშვო ბაღის დირექტორის ხელფასმა – 1500-ს; მასწავლებლის მინიმალური ხელფასი სკოლაში, პარტიის დაპირების თანახმად, 1000 ლარი იქნება, ბაღში კი – 700 ლარი.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, საიდან მოაქვს პარტიას ეს თანხები პირველივე წელს, ნანა ტოხვაძე პასუხობს:
“დღეის მდგომარეობით განათლების ბიუჯეტი მზარდია. თუმცა ეს ზრდა არ მოხმარებია არც მასწავლებლებს, არც სკოლას და არც მათი პირობების გაუმჯობესებას. შესაბამისად, პრობლემა არის არა ფინანსებს სიმცირე, არამედ არსებული თანხის მიზნობრივი ხარჯვის პრობლემა
დიდი თანხა შეიძლება დაიზოგოს. ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა. პირველივე წელს შეგვიძლია, გამოთავისუფლდეს ის ფინანსები, რაც იხარჯება არასაჭირო დეპარტამენტებზე, არასაჭირო სიპებზე, რომლებიც განათლების სამინისტრომაც არ იცის, რას საქმიანობენ”.
პარტიის ხედვით, უმაღლესი სასწავლებლების რექტორების არჩევის პროცესში ყველა პროფესორს უნდა შეეძლოს მონაწილეობა. ამასთან, პარტია ხაზს უსვამს უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის აუცილებლობას. კიდევ ერთი გეგმით, საერთო ეროვნული გამოცდების ბაზაზე მოწმდება აბიტურიენტის უნარები, ხოლო შიდა გამოცდებით უმაღლესი სასწავლებელი მისაღებად ირჩევს მისთვის სასურველი რეიტინგისა და შედეგების მქონე სტუდენტებს.
საგარეო პოლიტიკა
“სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს “ნატოში” გაწევრიანების დაჩქარებაა. კითხვაზე, რას არ აკეთებს ამჟამად მთავრობა, პარტიის წევრი და უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია პასუხობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად აღარც ახმიანებენ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხს.
მისი თქმით, უპირველესად, საჭიროა შიდა დემოკრატიის გაძლიერება, რაც გულისხმობს რიგ რეფორმებს სასამართლოში, მართლმსაჯულების სისტემასა და სხვა მიმართულებებით. ამასთან, აქუბარდია აუცილებლად მიიჩნევს კომუნიკაციას ალიანსის წევრ ქვეყნებთან, ვიზიტებს მათ დედაქალაქებში და საქართველოს საკითხის ლობირებას.
“ქართული ოცნების ლობისტები ორიენტირებულნი არიან პარტიის გათეთრებაზე და და არა საქართველოს საკითხის წინ წამოწევაზე”, – ამბობს ის.
პარტიის პრიორიტეტია ურთიერთობის გაღრმავება “ევროკავშირთანაც”. ამ მიმართულებით, ვიზალიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შემდეგ, ქვეყანას დიდი წინსვლა აღარ ჰქონია. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამომავლო პოლიტიკის ჩარჩოში არაფერია ნათქვამი პროგრამის მოწინავე ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – ევროპულ პერსპექტივაზე.
კითხვას, როგორ აპირებს პარტია ამ მოცემულობის შეცვლას, თეონა აქუბარდია კვლავ შიდა დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” “ევროკავშირის” წევრობის საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ წამოწია, იქამდე კი არაფერი გაუკეთებია პროცესის შესამზადებლად. აქუბარდიას განცხადებით, პირველ რიგში, სწორედ რეფორმების კუთხით მუშაობაა საჭირო.
რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, აქუბარდია ანტისაოკუპაციო სტრატეგიის შემუშავების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც თემურ იაკობაშვილის მინისტრობის შემდეგ ჯეროვნად არ განახლებულა. კითხვის საპასუხოდ, თუ რას მოიცავს სტრატეგია პარტიის ხედვით, აქუბარდია საუბრობს უსაფრთხოების გაძლიერებაზე საოკუპაციო ხაზთან, მათ შორის, შსს-ს წარმომადგენლობის გაზრდასა და სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციის პირობებში.
სასამართლო
“ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდა ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას, რომელშიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა დასახეს, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მოსამართლეების არჩევითობასთან, საკადრო რეფორმასთან და უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანასთან ერთად, პარტიების ინიციატივათა შორისაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება.
“ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს- მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე – ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ შეთანხმებაში.
სასამართლოს საკითხზე ოპოზიციის შეთანხმების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ: როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს