ახალი ამბები

კომპანიამ თავად მოგვმართა ფრენის გაუქმების თხოვნით – სააგენტო უკრაინელ დამკვირვებლებზე

30 ოქტომბერი, 2020 •
კომპანიამ თავად მოგვმართა ფრენის გაუქმების თხოვნით – სააგენტო უკრაინელ დამკვირვებლებზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ენმ-ის წევრის, კობა ნაყოფიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ჩარტერული რეისით, რომლითაც საქართველოში უკრაინიდან დამკვირვებლების დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო, თავად ავიაკომპანიამ გააუქმა. სააგენტოს ცნობითვე, ავიაკომპანია  “SkyUp Airlines”-მა უწყებას ფრენის გაუქმებაზე დღეს, 30 ოქტომბერს, შეატყობინა და მიზეზად დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინული “რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა.

გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია “SkyUp Airlines”-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. “SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით.
თუმცა 30 ოქტომბერს, 02:09  საათზე,  “SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა”,-წერია სააგენტოს განცხადებაში.

ენმ-ის ინფორმაციით, უკრაინის რადას დეპუტატებისგან დაკომპლექტებულ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ჩამოსვლაზე უარი უთხრეს. კობა ნაყოფიას თქმით, უკრაინიდან უნდა ჩამოსულიყო 50- კაციანი დელეგაცია, თუმცა ჩარტერული რეისის განხორციელებაზე ნებართვა ვერ მიიღეს.

“უკრაინიდან უნდა ჩამოსულიყო წარმომადგენლობითი დელეგაცია სხვადასხვა ფრაქციისგან. ღამის 2 საათამდე დასტურს ელოდნენ, რომ მისცემდნენ ნებართვას, რაც არ განხორციელდა. ქართულმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი უთხრა უკრაინელ დამკვირვებლებს ჩამოსულიყვნენ არჩევნებზე. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რას აპირებს ივანიშვილი არჩევნებზე. ტყუილად აქვთ იმედი, რომ მანიპულაციებით არჩევნებს გააყალბებენ”, – განაცხადა ნაყოფიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი