ახალი ამბები

გვიზღუდავენ საქმის მასალებზე წვდომას – ადვოკატები კარტოგრაფების საქმეზე

29 ოქტომბერი, 2020 • 1047
გვიზღუდავენ საქმის მასალებზე წვდომას – ადვოკატები კარტოგრაფების საქმეზე

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას [იგივე „კარტოგრაფების საქმე] ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალებზე სათანადო წვდომა ეზღუდებათ.

როგორც წერილში ვკითხულობთ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გენერალური პროკურატურა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაცვის მხარს უზღუდავენ საქმის მასალებზე სათანადო წვდომას – „რითაც უხეშად არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას,“.

„ივერი მელაშვილის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე, გენერალურ პროკურატურას დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალის ასლები სრულად არ გადმოუცია. აღნიშნული დასტურდება 2020 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებული ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმით. პროკურატურის პოზიციის თანახმად, საქმის მასალების ნაწილი, მათ შორის, საქმის საკვანძო მტკიცებულებები, 1:200 000 მასშტაბის რუკები, დედნები ინახება მათთან და საკმარისია, დაცვის მხარეს ჰქონდეს მათი ადგილზე გაცნობის უფლება, ხოლო ნაწილი მასალების გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს გენერალური პროკურატურა დღემდე უარს აცხადებს საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე იმ მოტივით, რომ თითქოს მათ კანონმდებლობის სრული დაცვით უკვე გადასცეს დაცვის მხარეს საქმის მასალის ასლები.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.

ასევე, საპროცესო კოდექსის ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის ბოლო წინადადებების მიხედვით: „დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.“

„სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა (რუკები) არის დოკუმენტი, რომლის ბრალდებულისა და მისი ადვოკატისთვის ასლის სახით გადმოცემაც პროკურატურის ვალდებულებაა. ამასთანავე, რადგან რუკის სრულყოფილი წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ ფერად ვერსიაში, რაზეც წვდომა უნდა ჰქონდეს თავად ბრალდებულსაც, დაცვის უფლების შეუფერხებლად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გადმოგვცეს რუკების ფერადი და შესაბამისი ფორმატის ასლები.

აქვე, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურის მიდგომას აგრძელებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. 2020 წლის 27 ოქტომბერს ბიუროს წარმომადგენლებმა ადვოკატებს, ედუარდ მარიკაშვილსა და გიორგი მახარაძეს, სრულიად უსაფუძვლოდ უარი უთხრეს ექსპერტიზაზე გადმოგზავნილი საქმის მასალების გაცნობასა და დათვალიერებაზე“, – წერია ადვოკატების განცხადებაში.

ხელმომწერი ადვოკატები მოუწოდებენ გენერალურ პროკურატურასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შეწყვიტონ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაცვის უფლების უხეში ხელყოფა და ადვოკატებს მისცენ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გიორგი მშვენიერაძე
  • ივერი მელაშვილის ადვოკატი, GDI
  • ედუარდ მარიკაშვილი
  • ივერი მელაშვილის ადვოკატი, GDI
  • სულხან კომახიძე
  • ნატალია ილიჩოვას ადვოკატი
  • ნესტან ლონდარიძე
  • ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
  • გიორგი მახარაძე
  • ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, „უფლებები საქართველო

                                                                 “კარტოგრაფების საქმე”

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი