ახალი ამბები

თავდასხმა ნიცაში – მოკლულია სამი ადამიანი

29 ოქტომბერი, 2020 •
თავდასხმა ნიცაში – მოკლულია სამი ადამიანი

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარააღებულმა თავდამსხმელმა ეკლესიასთან სამი ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთ გარდაცვლილს თავი აქვს მოკვეთილი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “როიტერსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ნიცის მერი თავდასხმას ტერორიზმად აფასებს. კრისტიან ესტროსი ტვიტერზე წერს, რომ თავდასხმა ქალაქის ეკლესიასთან მოხდა და თავდამსხმელის დაკავება პოლიციამ შეძლო.

პოლიციის განცხადებით, დასტურდება სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, არიან დაშავებულებიც. როგორც “როიტერსს” პოლიციიდან წყარომ შეატყობინა, ერთ-ერთ მოკლულს თავი ჰქონდა მოკვეთილი. საფრანგეთის პროკურატურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმაზე გამოძიებას ისინი გადაიბარებენ.

ამ მოვლენას წინ უძღოდა 16 ოქტომბერს საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის მკვლელობა. კერძოდ, პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მასწავლებელს თავი მოკვეთეს, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი იყო ისტორიის მასწავლებელი, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პარიზში სკოლის მასწავლებლის მკვლელობის ფაქტს ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა უწოდა. მისი თქმით, მკვლელობის მიზეზი პედაგოგის მიერ გამოხატვის თავისუფლების სწავლებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი