ახალი ამბები

“დავაკვირდებით პროცესს და ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას” – რას გეგმავს ენმ 31-ში რუსთაველზე

28 ოქტომბერი, 2020 • 925
“დავაკვირდებით პროცესს და ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას” – რას გეგმავს ენმ 31-ში რუსთაველზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ზაალ უდუმაშვილ ამბობს, რომ 31 ოქტომბერს პარტია თბილისში აქციის გამართვას არ გეგმავს, თუმცა რუსთაველის გამზირზე მოსახლეობასთან ერთად დააკვირდება, როგორ შევა საარჩევნო ოქმები საარჩევნო კომისიაში და მათთან ერთად აღნიშნავს გამარჯვებას.

ამასთან, პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ეს არა 12:00 საათზეა დაგეგმილი, როგორც ეს “ქართულ ოცნებაში” გაიგეს, არამედ 20:00 საათის შემდეგ, როცა საარჩევნო უბნები დაიხურება. უდუმაშვილისვე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აპარატურის გამართვას რამდენიმე საათი სჭირდება, მომზადებას ტექნიკური პერსონალი 12:00 საათზე დაიწყებს და სწორედ ამიტომაა წერილში ეს დრო მითითებული:

“მტკნარი ტყუილია, რომ ენმ 31 ოქტომბერს, 12 საათზე პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს. “ქართულ ოცნებაში” ან წაკითხულის გააზრება არ შეუძლიათ, ან განგებ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. მართლაც შესულია ჩვენი სახელით განაცხადი მერიაში 31 ოქტომბერზე, ოღონდ შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12 საათზე, არამედ, საღამოს რვა საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება. ვგეგმავთ ერთად, მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, როგორ შედის საარჩევნო ოქმები საარჩევნო კომისიაში და, რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

რაც შეეხება 12 საათს, 12:00-ზე მიდის ჩვეულებრივი ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს სცენა და მოამზადოს საღამოსთვის, ამას სჭირდება 6-7 საათი და სწორედ ამიტომ არის განაცხადში მითითებული ეს დრო. ასე რომ, მოეშვით ამ ტყუილების ტირაჟირებას მუდმივად. გასაგებია, რომ ნერვიულობთ, სანერვიულო ნამდვილად გაქვთ იმიტომ, რომ 31-ში საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობებათ”.,– თქვა უდუმაშვილმა ბრიფინგზე.

დღეს “ქართული ოცნების” ოფისში მამუკა მდინარაძემ  ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ენმ კენჭისყრის დღეს, 12:00 საათიდან, ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავდა პარლამენტის შენობასთან, რაც პარტიის მიერ მერიისთვის გაგზავნილი წერილით დასტურდებოდა.

მდინარაძის აზრით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ენმ არჩევნების მშვიდად მიმდინარეობის ნაცვლად პროცესების დესტაბილიზაციისთვის ემზადება. მოგვიანებით ენმ-ის წერილი გაასაჯაროა თბილისის მერიამაც, სადაც ნათქვამია, რომ პარტია 31 ოქტომბერს გეგმავს მშვიდობიან შეკრებას, რამაც შესაძლოა სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს, დროდ კი 12:00 საათია მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი