ახალი ამბები

კვლევის საკითხზე კობახიძემ მოიტყუა – ევროპული საქართველო

28 ოქტომბერი, 2020 • 1173
კვლევის საკითხზე კობახიძემ მოიტყუა – ევროპული საქართველო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კვლევა მოსახლეობაში უნდობლობის გაჩენას ემსახურება.

კობახიძე ამბობს, რომ კვლევა კომპანია IPM-მა შეასრულა და მის კითხვარში საუბარი იყო შეიარაღებული ძალის შესაძლო გამოყენებაზეც, თუ მოქალაქეებს არჩევნების შედეგები არ მოეწონებოდათ.

„ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის, IPM-თვის დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა – „პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ“. ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებისა და შიმშილობის კვალდაკვალ ასარჩევად შესთავაზეს გამაოგენებლი პასუხი – „სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“, – ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ კითხვარის ე.წ. სქრინები ტელეფონში აქვს.

აღნიშნული სქრინების მისაღებად ნეტგაზეთმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა. მათგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

კობახიძე ასევე დასძენს, რომ ოპოზიცია „შეარაღებულ ამბოხს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს,“.

ამ განცხადებას „ევროპულ საქართველოში“ ტყუილსა და საბჭოური სტილის მმართველობას უწოდებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კობახიძე იტყუება, თითქოს ევროპულ საქართველოს ჰქონდა რაიმე კვლევა IPM-თან.

სოციოლოგიური კვლევის შედეგები „ევროპულმა საქართველომ“ გუშინ გამოაქვეყნა. „ოცნებას“ ამ კვლევაში მოსახლეობის მხარდაჭერის 27% აქვს.

ევროპულმა საქართველომ 19-25 ოქტომბრის კვირაში ჩაატარა 2800 ადამიანის სოციოლოგიური კვლევა. კვლევა ჩატარდა მთელი…

Posted by ევროპული საქართველო on Tuesday, 27 October 2020

„ბატონი კობახიძე არის მატყუარა, ევროპულ საქართველოს IPM-თან არანაირი კვლევა არ ჰქონია. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგან აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ მომხდარა.

ჩვენი კვლევა გუშინ რაც იყო, გავასაჯაროვეთ შედეგები და იმ კვლევის მიხედვით, ისევე როგორც სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება“ დრამატულად აგებს ამ არჩევნებს და ახლა, როგორც ჩანს, მოიგონეს, რომ ნაცადი ხერხი გამოიყენონ და დააბრალონ ოპოზიციას რაღაც შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომები და რაღაც ბოდვები.

არაფერი არ გამოუვათ, არანაირი შეიარაღებული ამბოხება და არანაირი ძალადობა არ
იქნება, ძალიან წყნარად ამ შაბათს ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე. ტყუილები დარჩება ისტორიას, როგორც მორიგი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საბჭოური სტილის მმართველობა უნდა რომ ჰქონდეს ივანიშვილს“, – განაცხადა კაპანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი