ახალი ამბები

შსს-ს დავალებული ჰქონდა, წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვრილიყო, რაც პირნათლად შეასრულეს – გახარია

27 ოქტომბერი, 2020 •
შსს-ს დავალებული ჰქონდა, წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვრილიყო, რაც პირნათლად შეასრულეს – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული ჰქონდა, ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს “სისხლი არ დაღვრილიყო”, რასაც პოლიციამ წარმატებით გაართვა თავი. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ აფასებს პოლიციის მუშაობას, რომელიც ამ დრომდე ვერ ახერხებს თავდამსახმელის დაკავებას.

გახარიას თქმითვე, თავდამსხმელის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს და დარწმუნებულია, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება:

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს კონკრეტული დავალება მიიღო და ეს დავალება იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს. მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. ეს იყო ის დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინათ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით დასრულდება”,-აცხადებს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრი  საზოგადოების გარკვეული წევრების მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების ცილისწამებაზე საუბრობს და ამას ამორალურ საქციელს უწოდებს. გახარის შეფასებით, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ “სამ დღეში არჩევნებია”.

“ბედნიერება მხვდა და შინაგან საქმეთ სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე. ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომლებიც იმის გამო, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს ამორალურია. შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რაც ზუგდიდში დატრიალდა. შეუძლებელია, როცა ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და მას შემდეგ, რაც სისხლი არ დაიღვარა, ამხელს პოლიციას, თითქოს ის არის უმოქმედო და უუნარო. ეს ასე არ არის და ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს. ყველანი წყნარად, მშვიდად ვიგრძნობთ ამ აჟიოტაჟისა და პანიკის ფასს… ზუსტად არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს “,-აცხადებს გახარია.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და სამინისტრომ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. ვლადიმერ ბოცვაძის ინფორმაციით, ესებუა დაკავებული არ არის.

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი