ახალი ამბები

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე “ქართუმ” გორის მუნიციპალიტეტს მიწა გადასცა

27 ოქტომბერი, 2020 •
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე “ქართუმ” გორის მუნიციპალიტეტს მიწა გადასცა

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ფონდმა “ქართუმ” გორის მუნიციპალიტეტს 1 550 000 ლარის ღირებულების მიწა გადასცა, რომელიც მანამდე კერძო მესაკუთრის მფლობელობაში იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მოხდა და საუბარია გორის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც 21 813 კვ.მ-ს მოიცავს. როგორც ნეტგაზეთს გორის მერიაში განუცხადეს, ხელშეკრულებას ქართუსთან 23 ოქტომბერს მოეწერ ახელი.

“მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ძველი ბაზრის ტერიტორია უკვე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის ფონდმა „ქართუმ“ გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების შესახებ შეთანხმებას მე და ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოვაწერეთ ხელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული ზონის მოწყობა. საჩუქრის ღირებულება 1 550 000 ლარია. მისი ფართობი 21 813 კვადრატული მეტრია”, – წერს თავზარაშვილი სოციალურ ქსელში.

ძვირფასო გორელებო!

მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ გორის ცენტრში ყოფილი ბაზრის ტერიტორია უკვე გორის მუნიციპალიტეტის…

Posted by კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერი / Konstantine Tavzarashvili on Monday, 26 October 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე 4 დღით ადრე მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები რთულია პოლიტიკური კონტექსტის მიღმა შეფასდეს და აღნიშნავს, რომ თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ფინანსური რესურსების გამოყენებაა ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მიზნით:

“რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის და პირიქით, შეიძლება ძალიან კარგი იყოს, როცა მუნიციპალიტეტს გადასცემს, რომ შემდგომ ეს გამოყენებული იქნას საზოგადოებრივი მიზნებისთვის. მაგრამ როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ხორციელდება მსგავსი საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება, ეს აჩენს კითხვებს, რომ მიზანი ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენა და მათი კეთილგანწყობის დამსახურებაა. ამ შემთხვევაშიც, “ქართუზეა” საუბარი, რომელიც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ხასიათის აქცია იქნება თუ ღონისძიება, აფილირებულია თავისთავად პოლიტიკურ პარტიასთან და კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს, როდესაც ფინანსური რესურსების გამოყენებით, მცდელობაა ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება მოხდეს საარჩევნო მიზნებისთვის. ძალიან ძნელია ამის შეფასება პოლიტიკური კონტექსტის მიღმა. 3-4 დღეში რომ გვაქვს არჩევნები, ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილობას რომ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული, რომ “ქართული ოცნების” მიმართ ამომრჩევლებს გაუჩნდეთ პოზიტიური დამოკიდებულება”, – ამბობს ნიჟარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი