ახალი ამბები

პროტესტი ეკლესიებში: პოლონელი ქალები აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ

26 ოქტომბერი, 2020 • 1636
პროტესტი ეკლესიებში: პოლონელი ქალები აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ

მოქალაქეებმა, რომლებიც პოლონეთის სასამართლოს მიერ აბორტის თითქმის მთლიანად აკრძალვას აპროტესტებენ, ამჯერად საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკლესიებში გამართეს. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკაზე, მათ შორის, აბორტის საკითხის გადაწყვეტაზე, რაც სეკულარულ ქვეყანაში მიუღებელი პრაქტიკა უნდა იყოს.

პოლონეთში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო ევროპის მასშტაბით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქალებს ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც უზღუდავს აბორტის უფლებას.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის, ასევე, ორსულობის თანმდევი, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, სასამართლოს ამ ნაბიჯით, ლეგალური აბორტი უმრავლეს შემთხვევაში მაინც იზღუდება, ვინაიდან გასული წლის სტატისტიკით, პოლონეთში კანონიერი აბორტების 98% სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების გამო გაკეთდა.

კვირას, 25 ოქტობერს, პროტესტის მეოთხე დღეს, კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა პოლონეთის ქალაქების ქუჩებში ზემოაღნიშნული შეზღუდვების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქციები არაერთ ეკლესიაში გამართეს. პროტესტის ეს ფორმა კათოლიკური პოლონეთისთვის მეტად უჩვეულოა.

BBC-ის თანახმად, აქციის მონაწილეებმა – ძირითადად ქალებმა – ქალაქ პოზნანის კათედრალში საკვირაო მესა ჩაშალეს. მათ ეჭირათ პლაკატები აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ და სკანდირებდნენ: “ყელში ამოგვივიდა!” სასულიერო პირები იძულებულნი გახდნენ, შეეჩერებინათ რიტუალი, მოგვიანებით კი პროცესში პოლიცია ჩაერია.

კრაკოვში მოქალაქეები არქიეპისკოპოსის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ, ლოძში კი მოქალაქეებმა პროტესტი ქალაქის კათედრალთან გამოხატეს და სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა მოითხოვეს.

“მე დღეს აქ ვარ, რადგან მაღიზიანებს ფაქტი, როცა სეკულარულ ქვეყანაში ეკლესია მიწყვეტს, რა უფლება უნდა მქონდეს, რას უნდა ვაკეთებდე და რისი ნება არ უნდა გამაჩნდეს”, – უთხრა “როიტერსს” 26 წლის ჯულია მიოტკმა.

ზოგიერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას წააწყდნენ: ერთ-ერთ ეკლესიასთან მათ ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები დახვდნენ და დემონსტრანტებს შესასვლელთან გზა გადაუღობეს.

პოლონური მედიის თანახმად, პატარა ქალაქ ნოვი დვორ გდანსკში აქციის მონაწილეებს ფერმერები შეუერთდნენ, რომელთაც ტრაქტორებით მოაწყვდეს მსვლელობა, ერთ-ერთს კი მიმაგრებული ჰქონდა ბანერი: “ჩვენ გვინდა არჩევანი და არა PiS-ის ტერორი”. PiS არის აკრონიმი პოლონეთის მმართველი, მემარჯვენე და კონსერვატიული პარტიისა “კანონი და სამართლიანობა”.

AP-ს თანახმად, დემონსტრანტების მიმართ საპასუხო განცხადებაში პოზნანის არქიეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ “კათოლიკური ეკლესიის პოზიცია სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით უცვლელია” და მოუწოდებს მოქალაქეებს, პროტესტი “სოციალურად მისაღები” გზით გამოხატონ.

ორგანიზაცია “ქალთა გაფიცვა” მიმდინარე კვირაში მეტ პროტესტს გეგმავს, რაც ქუჩების გადაკეტვასა და გაფიცვებს გულისხმობს.

საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალების იძულებას, შეინარჩუნონ ნაყოფი მისი განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც, მათთვის არასაჭირო ფიზიკური და მენტალური ტანჯვა მოაქვს. მათი ხედვით, გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აბორტის პრაქტიკის იატაქვეშეთში გადატანას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, უბიძგებს ქალებს, საზღვარგარეთ ისარგებლონ ამ უფლებით.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი – საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი