ახალი ამბები

ჟორჟოლიანის თქმით, „წითელი ჯვრის“ ოფისს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებენ, ორგანიზაცია პოლიტიკაში მონაწილეობას უარყოფს

28 ოქტომბერი, 2020 • 1215
ჟორჟოლიანის თქმით, „წითელი ჯვრის“ ოფისს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებენ, ორგანიზაცია პოლიტიკაში მონაწილეობას უარყოფს

“ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სამტრედიაში წითელი ჯვრის ოფისს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები საარჩევნო მიზნებისთვის იყენებენ.

როგორც ის აცხადებს, რამდენიმედღიანი მოკვლევის შემდეგ, მან და მისმა კოლეგებმა მიაგნეს ადგილს, სადაც გარკვეული თანამდებობის პირები, ბიზნესმენები და ა.შ. “ამომრჩევლის მოსყიდვის” პროცესს გეგმავდნენ. ეს ყველაფერი კი ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ სამტრედიის ოფისში ხდებოდა.

ჟორჟოლიანი ყვება, რომ რამდენიმე კვირის წინ ანონიმურმა წყარომ მათ ფოტოები და მისამართი მიაწოდა. როგორც თავად ფიქრობს, წყარო შესაძლოა, მეზობლად მცხოვრები ადამიანი ყოფილიყო. ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ოფისში მათი თანამშრომელი მივიდა, რომელიც ოფისში მყოფ პირებს ინგლისურად ესაუბრა.

შემთხვევის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკზე ვიდეოც გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ კადრები გადაღებულია „წითელი ჯვრის საზოგადოების“ სამტრედიის ოფისში, ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ ესაუბრა ინგლისურად ახალგაზრდა ქალი ოფისში შეკრებილ პირებს.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ აღნიშნული პირები ადგილობრივი გავლენიანი პირები არიან, რომლებიც მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობენ.

„ეს იმდენად ღიად ხდება, ყველამ იცის სამტრედიაში, რაზეც გეუბნებით, უბრალოდ, ახლა უფრო გამართული მტკიცებულებებით გესაუბრებით.

ჩვენი ინფორმაციით, იქ მიდიან წარმომადგენლები, გამგებლები, სოფლის რწმუნებულები და ხდება ადმინისტრაციული, ადამიანური რესრუსის გამოყენება. მათი დახმარებითვე, შემდეგ ხდება სოფლებში ფულის წასვლა“, – ამბობს ჟორჟოლიანი და ამატებს, რომ მისი ინფორმაციით, მოქალაქეებს ასევე ჰპირდებიან კრედიტების გასტუმრებაც.

„აქ მაღალი თანმდებობების პირები დადიან, მობილიზება ხდება ადგილობრივი გავლენიანი ადამიანების, მე არ მჯერა, რომ „წითელი ჯვირს“ სამტრედიის რეგიონალურმა უფროსმა თავის თავზე აიღო… „წითელი ჯვრის“ ოფისი, ცხადია, გამოყენებულია ნიღბად..“, – ამატებს ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, ის ასევე დაუკავშირდა „წითელი ჯვრის“ სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელს, რომელმაც უთხრა, რომ არაფერი იცოდა.

ჩვენს კითხვაზე, რა სქემით ხდება თანხის დარიგება, ჟორჟოლიანი გვპასუხობს, რომ ოფისში მყოფ პირებს თან აქვთ მოქალაქეების სახელები და გვარები, ასევე, საკონტაქტო და სხვა ინფორმაცია.

აღნიშნულს უარყოფენ „წითელ ჯვარში“. ჩვენ დავუკავშირდით ორგანიზაციას, სადაც გვითხრეს, რომ გვეხელმძღვანელა მათ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით. ამ განცხადებაში ორგანიზაცია უარყოფს, რომ რაიმე კუთხით ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი მისი 39-ივე ფილიალი არ მონაწილეობს არანაირ…

Posted by Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება on Tuesday, 27 October 2020

ჩვენ ვკითხეთ ორგანიზაციას, იყვნენ თუ არა ვიდეოზე ასახული პირები მათი ოფისის თანამშრომლები. პასუხის მიღებისთანავე ეს ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი