ახალი ამბები

ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ჩატარდება – შსს

26 ოქტომბერი, 2020 • 814
ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ჩატარდება – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმასთან დაკავშირებით სხვადსახვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ერთ-ერთ მძევალთან, დავით ხვიბლიანთან. ამის შესახებ ბორცვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დავით ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და კვლავ ჩატარდება. ჩვენ თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან და შევკრავთ მტკიცებულებების შესაბამის სტანდარტს კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ ის თანამონაწილე, უშუალო აღმსურლებელი იყო და ეხმარებოდა ამ დანაშაულის ჩადენაში, ამ ადამიანების მიმართ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ბორცვაძემ.

ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ასევე გაასაჯაროვა ბანკზე თავდამსხმელი პირის ვინაობაც. მისი თქმით, თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. თუმცა, მისივე თქმით, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ და ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები კვლავაც გრძელდება.

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი