ახალი ამბები

კოვიდის გამო ლიეტუვას არჩევნებში მონაწილეობა ავტომობილებითაც მიიღეს

26 ოქტომბერი, 2020 • 1064
კოვიდის გამო ლიეტუვას არჩევნებში მონაწილეობა ავტომობილებითაც მიიღეს

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები შერეული პრინციპით ტარდება. 141-ადგილიან პარლამენტში 71 ადგილი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე მოდის, ხოლო დარჩენილი 70 ადგილი პროპორციული სისტემით – პოლიტიკურ პარტიებზე ნაწილდება. მეორე ტური იმართება ერთმანდატიან ოლქებში პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს ხმათა 50%-ზე მეტის აღებას.

კონსერვატორულმა პარტიამ, რომელმაც პირველ რაუნდში ხმათა 25 პროცენტი აიღო, პარლამენტში 49 ადგილის მოპოვება შეძლო, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრის, საულიუს სკვერნელისის ფერმერთა და მწვანეთა კავშირმა ხმათა მხოლოდ 17% აიღო და პარლამენტში 32 მანდატი მიიღო.

გარდა კონსერვატორული პარტიისა და ფერმერთა და მწვანეთა კავშირისა, პარლამენტში მოხვდა ოთხი სხვა პარტია, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ კოალიციური მთავრობის შექმნა, მათ შორის, მემარჯვენე-ცენტრისტული “ლიბერალური მოძრაობა” და “თავისუფლება” და ორი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია: სოციალ-დემოკრატები და ლეიბორისტები.

კონსერვატორული პარტიის ლიდერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა სიმონიტე სამთავრობო კოალიციის შექმნას ლიბერალურ მოძრაობასა და თავისუფლებასთან ერთად გეგმავს, რომელთაც ასევე ქალები მმართავენ.

განსხვავებული არჩევნები

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო ე.წ. “ადრეული ხმის მიცემის” სისტემა, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა, ხმა არჩევნების თარიღამდე 4 დღით ადრე მიეცა, რაც ამომრჩეველთა ნაკადის გადასანაწილებლად გაკეთდა.

ქვეყნის ისტორიაში პირველად, საარჩევნო უბნები მოეწყო ისე, რომ ამომრჩეველს საკუთარი მანქანიდან შეძლებოდა ხმის მიცემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ თვითიზოლაციაში მყოფ ან სპეციალურ სიაში მყოფ ამომრჩეველს შეეძლო მანქანით ხმის მიცემა.

ლიეტუველი ამომრჩეველი საკუთარი ავტომობილიდან აძლევს ხმას. ფოტო apnews.com

ქვეყანაში სულ ოთხი ასეთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ავტომობილებიდან შეიძლებოდა ხმის მიცემა.  მოქალაქეები ვალდებულნი იყვნენ, საარჩევნო უბანზე საკუთარ მანქანებში ყოფნის დროსაც კი კეთებოდათ ნიღაბი.

ქვეყანას აქამდე მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია მართავდა. ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ თავი ვერ გაართვა ახალი კორონავირუსისა და პანდემიის პირობებში ეკონომიკის მართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი