ახალი ამბები

პოლონეთის სასამართლომ თითქმის სრულად აკრძალა ლეგალური აბორტი

23 ოქტომბერი, 2020 • 1479
პოლონეთის სასამართლომ თითქმის სრულად აკრძალა ლეგალური აბორტი

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც ქალებს, ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაში, აბორტის უფლებას აძლევს. ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ქვეყნის მმართველი პარტიაც უჭერს მხარს, სასამართლომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ამ კუთხით პოლონეთში მოქმედი ისედაც ხისტი კანონმდებლობა და ქალებს ლეგალური აბორტის უფლება თითქმის სრულად შეუზღუდა.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის, ასევე, ორსულობის თანმდევი, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, უმრავლეს შემთხვევაში, ამ ნაბიჯით აბორტის უფლება მაინც იზღუდება: “ნიუ იორკ თაიმსის” თანახმად, ქვეყანაში გასულ წელს აღრიცხული 1 100 აბორტიდან 1074 სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო გაკეთდა.

22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას კანონმდებლობის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა მყისიერი პროტესტით უპასუხეს და ვარშავის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მსვლელობა ამ დრომდე(თბილისის დროით – 01:30) გრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის მმართველი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის “კანონი და სამართალი” შუამდგომლობა კანონმდებლობის გადახედვის შესახებ. საბოლოოდ, განაჩენი გამოიტანა 13 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ, რომელში შემავალ მოსამართლეთა უმრავლესობაც ამავე პარტიის წარდგენილია.

გადაწყვეტილების თანახმად, აბორტის შესახებ აქამდე არსებული კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდიოდა სიცოცხლის უფლებასთან, რომელსაც პოლონეთის კონსტიტუცია უზრუნველყოფს. აღნიშნულს მალევე მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოში კი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და თქვეს, რომ “ეს არის სევდიანი დღე ქალთა უფლებებისთვის”.

საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აბორტის პრაქტიკის იატაქვეშეთში გადატანას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, უბიძგებს ქალებს, საზღვარგარეთ ისარგებლონ ამ უფლებით.

სანამ ზემოაღნიშნული განჩინება იქნებოდა, ადგილობრივ უფლებადამცველთა თქმით, 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციებს მმართველი პარტიის მიერ ორკესტრირებული ცვლილებების წინააღმდეგ.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი – საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი