ახალი ამბები

ხვიბლიანები ცილისწამების გამო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ – თავდაცვის სამინისტრო

25 ოქტომბერი, 2020 • 1161
ხვიბლიანები ცილისწამების გამო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო “მთავარ არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, სამინისტროს და ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ ცილისწამებასა და მათ წინააღმდეგ ღირსების შემლახავ კამპანიაში ადანაშაულებს. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი და კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი სასამართლასთვის მიმართვას გეგმავენ.  ამის შესახებ განცხადებას თავად თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გვარამიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს დავით ხვიბლიანს სამინისტრომ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და აწამა. რაც შეეხება კიდევ ერთ სამხედრო მოსამსახურეს, თემურ ხვიბლიანს, სამინისტროს ცნობით “მთავარი არხის” ეთერში 22 ოქტომბერს გავიდა სიუჟეტი, სადაც თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დასახელდა.

“საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე [დავით ხვიბლიანი] ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია მთავარმა არხმა, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

დავით ხვლიბლიანი ერთ-ერთია იმ მძევლებს შორის, ვინც ბანკიდან მძევლების დიდი ნაწილის გათავისუფლების შემდეგ გამტაცებელმა მანქანით გაიყოლა.

ხვიბლიანის ბანკზე თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გავრამია რამდენიმე დღის წინ ალაპარაკდა. როგორც ის ამბობს, ბანკზე თავდასხმისას მას წყარო დაუკავშირდა, რომელმაც ხვიბლიანი ამოიცნო და უთხრა, რომ ის არა მძევალი, არამედ თავდასხმაში ერთ-ერთი მონაწილე პირი იყო. გვარამიამ აღნიშნული ინფორმაცია საგამოძიება უწყებებსაც მიაწოდა. ამის შესახებ კი “მთავარმა არხმა” გვარამიასა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო.  არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ბანკზე თავმდასხმელი პირი იდენტიფიცირებულია და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი