ახალი ამბები

გადასატანი ყუთის მოთხოვნით 900-მდე ამომრჩეველმა მოგვმართა – ცესკო

25 ოქტომბერი, 2020 • 892
გადასატანი ყუთის მოთხოვნით 900-მდე ამომრჩეველმა მოგვმართა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების რეგისტრაციისთვის ცესკოს ამ დრომდე 900-მდე მოქალაქემ მიმართა, თუმცა “გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 19 ოქტომბერს გამოცემული დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს, ვისაც არჩევნების დღეს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ, შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური გადასატანი ყუთების მომსახურებით. ამისთვის კი მათ 24 ოქტომბრიდან, 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51, შიდა ნომერი – 0.

ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. კერძოდ, განცხადების მიხედვით, მათ ამ დრომდე 3 000-მდე ამომრჩეველს, ვინც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში იყვნენ რეგისტრირებული, გაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, სმს-ების გაგზავნის პროცესი კი კვლავაც გრძელდება. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში და სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეო რგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

როგორც “ნეტგაზეთს” ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა, ის მოქალაქეები ვინც 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში აღნიშნული მომსახურებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, 25 ოქტომბრის მონაცემებით თვითიზოლაციაში 26 533 ადამიანი იმყოფება.

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

მასალების გადაბეჭდვის წესი