ახალი ამბები

“ქართული ოცნება” გადავა ოპოზიციაში და ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ – სააკაშვილი

25 ოქტომბერი, 2020 • 1145
“ქართული ოცნება” გადავა ოპოზიციაში და ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და “ძალა ერთობაშიას” პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” საპარალმენტო ოპოზიციაში მოხვდება, ის მზად არის ითანამშრომლოს ამჟამინდელ მმართველ პარტიასთან. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე უნდა აპატიოს თუ არა სააკაშვილმა ივანიშვილს ყველაფერი, “ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატის თქმით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ მათ არ აქვთ “რევანშის და ერთი და იგივე წრეზე სიარულის” დრო, თუმცა თუ ივანიშვილი “წავიდა იმ სცენარით რომელსაც აპირებს, რომ ნებისმიერ ფასად ჩამოეკიდოს ხელისუფლებას”, სააკაშვილის თქმით “ქართული ოცნების” ლიდერისთვის ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგების მქონე.

“არანაირი სიმპათია არ მაქვს მის [ბიძინა ივანიშვილის] მიმართ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მტერია, მაგრამ მიყვარს ჩემი ხალხი, მიყვარს ჩემი ქვეყანა. საქართველოს არ აქვს უფლება მუდმივად წარსულზე ინადიროს, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მონახოს გაერთიანების და წინ წასვლის ძალა, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა.

მათი პოლიტიკური ძალა გადავა ოპოზიციაში, იქნება ცივილიზებული ოპოზიცია და ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ ყველა საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენ დღეს რაღაცებს გვეძახიან და უბრალოდ ნადირობენ ბევრ ჩვენგანზე. მაგრამ ეს ჩაბარდება წარსულს, ჩვენ ნამდვილად არ ჩავიდებთ გულში წყენას, გვინდა მათთან თანამშრომლობა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე კი ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, უშვებს თუ არა ის, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება “თუნდაც არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვის და სატელიტი პარტიების დახმარებით”, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ივანიშვილი თავად განიხილავს ამ სცენარს და მას ახლა აქვს შანსი “მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება”:

“ივანიშვილი პირადად განიხილავს ასეთ სცენარს მაგრამ მე მინდა ვუთხრა მას: დღეს მას აქვს შანსი ჩემსავით მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება და კანონის უზენაესობის ფარგლებში, არავინ არ აპირებს მასზე პირადად და მითუმეტეს სხვებზე, არანაირი ქმედებების განხორციელებას. ეს ჩემი პირადი აზრია მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ჩვენ არ გვაქვს უფლება და საშუალება, რომ მუდმივად ერთი და იგივე წრეზე ვიაროთ – რევანშის, შურისძიების… ის [ივანიშვილი] ყოფდა საქართველოს ბოლო რამდენიმე წელიწადი ჩვენ საქართველოს გავაერთიანებთ. ჩვენ საქართველო უნდა შევკრიბოთ ხელახლა, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ მიუხედავად იმისა, რას ვეძახდით ერთმანეთს დღეს და გუშინ და რაებიც ჩაიდინეს ჩვენი აქტივისტების მიმართ.

დღეს, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, გადავდოთ გვერდზე და საქართველო უნდა გავერთიანოთ. მას აქვს კიდევ საშუალება მშვიდობიანად გადასცეს ხელისუფლება და წყნარად გააგრძელოს არსებობა საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი