ახალი ამბები

“ეს ომია!” – პოლონეთში ათასობით ქალი აპროტესტებს აბორტის უფლების შეზღუდვას

24 ოქტომბერი, 2020 • 1411
“ეს ომია!” – პოლონეთში ათასობით ქალი აპროტესტებს აბორტის უფლების შეზღუდვას

პოლონეთის რიგ ქალაქებში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტის თითქმის მთლიანად აკრძალვას აპროტესტებენ. პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, 23 ოქტომბრის ღამით ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა და საპროტესტო მსვლელობები გამართა.

პოლონეთში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო ევროპის მასშტაბით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ქალებს ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც უზღუდავს აბორტის უფლებას.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის, ასევე, ორსულობის თანმდევი, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, სასამართლოს ამ ნაბიჯით, ლეგალური აბორტი უმრავლეს შემთხვევაში მაინც იზღუდება, ვინაიდან გასულ წლის სტატისტიკით, პოლონეთში კანონიერი აბორტების 98% სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების გამო გაკეთდა.

მოქალაქეებმა გამკაცრებული კანონმდებლობა ვარშავაში, კრაკოვში, ვროცლავში, ლუბლინში, შჩეცინსა და სხვა ქალაქებში გააპროტესტეს. პოლონური გამოცემა Onet პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხოლოდ დედაქალაქში უწყებამ 15 000 დემონსტრანტი დაითვალა.

“ორშაბათს ჩვენ გადავკეტავთ ყველაფერს, რისი გადაკეტვაც შეიძლება – ქუჩებს, მოედნებს… ოთხშაბათიდან – ჩვენ არ წავალთ სამსახურში!” – თქვა ორგანიზაციის “პოლონეთის ქალთა ეროვნული გაფიცვა” თავმჯდომარემ, მარტა ლემპარტმა, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

ხუთშაბათის მსგავსად, 23 ოქტომბრის ღამით აქციის კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ვიცე-პრემიერისა და პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთან. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “ეს ომია!”, “თქვენი ხელები სისხლშია!”, “პოლონეთმა გვიღალატა!”

კაჩინსკის სახლს პოლიციის კორდონი იცავდა. პარასკევის ღამემ აქ მშვიდობიანად ჩაიარა ხუთშაბათისაგან განსხვავებით, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა მას შემდეგ, რაც შსს-ს ცნობით, ზოგიერთმა დემონსტრანტმა ქვები ისროლა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის მმართველი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის “კანონი და სამართალი” შუამდგომლობა კანონმდებლობის გადახედვის შესახებ. საბოლოოდ, განაჩენი გამოიტანა 13 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ, რომელში შემავალ მოსამართლეთა უმრავლესობაც ამავე პარტიის წარდგენილია.

გადაწყვეტილების თანახმად, აბორტის შესახებ აქამდე არსებული კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდიოდა სიცოცხლის უფლებასთან, რომელსაც პოლონეთის კონსტიტუცია უზრუნველყოფს. აღნიშნულს მალევე მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოში კი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და თქვეს, რომ “ეს არის სევდიანი დღე ქალთა უფლებებისთვის”.
საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი და სხვები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აბორტის პრაქტიკის იატაქვეშეთში გადატანას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, უბიძგებს ქალებს, საზღვარგარეთ ისარგებლონ ამ უფლებით.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი – საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი