ახალი ამბები

ეს იყო სრული ცილისწამება – ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში მონაწილეობაზე

23 ოქტომბერი, 2020 • 1325
ეს იყო სრული ცილისწამება – ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში მონაწილეობაზე

ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავდამსხმელის თანამზრახველი იყო და არა – მძევალი. ხვიბლიანი ამ ბრალდებას “სრულ ცილისაწამებას” უწოდებს. მომხადრის შემდეგ ხვიბლიანმა ჟურნალსიტებთან დღეს, 23 ოქტომბერს ისაუბრა.

“რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ, ეს იყო სრული ცილისწამება. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს. არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ქართველისთვის და ქართველი სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი… დანარჩენი, რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხი გაგცეთ იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თავად გამოძიება დაადგენს ყველაფერს. თვითონ გამოძიების მიხედვით იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული”, – განუცხადა ხვიბლიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მან ყველაფერი განუცხადა გამოძიებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები თავად გაავრცელებენ ინფორმაციას.

ჟურნალისტებთან საუბრისას ხვიბლიანს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, განახორციელა თუ არა მასზე ზეწოლა სერგო ჩაჩიბაიამ, რაზეც ხვიბლიანმა განაცხადა, რომ “აბსოლუტურად არ იცის, ვინ არის სერგო ჩაჩიბაია”.

დავით ხვლიბლიანი ერთ-ერთია იმ მძევლებს შორის, ვინც ბანკიდან მძევლების დიდი ნაწილის გათავისუფლების შემდეგ გამტაცებელმა მანქანით გაიყოლა.

ხვიბლიანის ბანკზე თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ პირველად “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გავრამია ალაპარაკდა. როგორც ის ამბობს, ბანკზე თავდასხმისას მას წყარო დაუკავშირდა, რომელმაც ხვიბლიანი ამოიცნო და უთხრა, რომ ის არა მძევალი, არამედ თავდასხმაში ერთ-ერთი მონაწილე პირი იყო. გვარამიამ აღნიშნული ინფორმაცია საგამოძიება უწყებებსაც მიაწოდა. ამის შესახებ კი “მთავარმა არხმა” გვარამიასა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს, რის შემდეგაც მან მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

რა (ვერ) გავიგეთ გომელაურისგან ზუგდიდის მოვლენებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი