ახალი ამბები

თბილისში დიზაინერ ციკოლიას მაღაზიის გაქურდვა სცადეს

23 ოქტომბერი, 2020 • 886
თბილისში დიზაინერ ციკოლიას მაღაზიის გაქურდვა სცადეს

23 ოქტომბერს თბილისში დიზაინერ ზვიად ციკოლიას მაღაზიის გაქურდვა სცადეს — სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა.

ინფორმაცია თვითონ ზვიად ციკოლიამ გაავრცელა ფეისბუკზე. მის თანახმად, ეს ამბავი დილის საათებში მოხდა.

დიზაინერმა გაავრცელა სათვალთვალო კამერის გადაღებული ვიდეო, რომელიც ინციდენტის დროდ 06:30 საათს უთითებს.

ვიდეოში ჩანს, რომ მცირე ზომის მაღაზიაში ორი ადამიანი — სავარაუდოდ, არასრულწლოვანი — შერბის, რომლებსაც სახეები დაფარული აქვთ და კაპიუშონები ახურავთ. ერთი მათგანი ვიტრინის ხელით ჩამსხვრევას და შემდეგ გაღებას ცდილობს, მეორე კი — გაყიდვების დახლთან სეიფის გახსნას, თუმცა, უშედეგოდ, რამდენიმე წამში კი ორივე გარბის.

მაღაზიის მენეჯერი „რუსთავი 2-თან“ საუბარში ამბობს, რომ ისინი „ძალიან ცოტა ხნით გაჩერდნენ შიგნით, იმიტომ, რომ ძალიან მალე ჩაირთო სიგნალიზაცია“. ვიდეო ნახევარ წუთსაც არ გრძელდება.

მენეჯერის თქმითვე, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის კრიმინალური პოლიცია, უკვე იყვნენ და ჩანაწერები ამოღებულია. მისი თქმით, ობიექტზე შიგნიდანაც და გარედანაც იყო კამერები დამონტაჟებული.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გაიგეთ მეტი სამრეწველო დიზაინერ ზვიად ციკოლიას შესახებ:

რა პირობებში ქმნის დიზაინერი ზვიად ციკოლია პირველ ქართულ სპორტულ თვითმფრინავს

მასალების გადაბეჭდვის წესი