ახალი ამბები

“საქართველოს ბანკის” თანხა იყო – გომელაური მძარცველისთვის მიცემულ ფულზე

22 ოქტომბერი, 2020 • 1381
“საქართველოს ბანკის” თანხა იყო – გომელაური მძარცველისთვის მიცემულ ფულზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მძარცველისთვის, რომელმაც გუშინ ზუგდიდში მძევლად 20-მდე ადამიანი აიყვანა, ბიუჯეტის ფული არ გადაუხდიათ.

“საქართველოს ბანკის თანხაა… ეს ასე ხდება, მსოფლიოში, ყველგან ასე ხდება… როდესაც ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს… თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა? საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები “, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა ცალსახად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ გამტაცებლისთვის არ გადაუხდიათ ბიუჯეტის თანხა. მას რამდენჯერმე ჰკითხეს, დაესახელებინა მძარცველისთვის გადახდილი თანხის ზუსტი რაოდენობა, რაზეც გომელაურმა თქვა, რომ მისი მოთხოვნები “ყველამ იცის”.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს, რის შემდეგაც მან მძევლები გათავისუფლა და მიიმალა. დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

რა (ვერ) გავიგეთ გომელაურისგან ზუგდიდის მოვლენებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი