ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში რეფერენდუმი არ გაიმართება | ალიევი

22 ოქტომბერი, 2020 • 1283
ყარაბაღში რეფერენდუმი არ გაიმართება | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღში რეფერენდუმი ვერ გაიმართება. მან ამის შესახებ იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

“არანაირი რეფრენდუმი არ გაიმართება მთიან ყარაბაღში. ჩვენ ამას არასდროს დავთანხმდებით. მოლაპარაკებების დროს ამას უკვე არ დავთანხმდით და ახლა, როდესაც დავიბრუნეთ ტერიტორიის დიდი ნაწილი, აქ კითხვის ნიშნებიც კი არ არის”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის თქმით, სომეხმა ერმა უკვე შეძლო ეროვნული თვითგამორკვევა და მათ აქვთ საკუთარი სახელმწიფო.

“მათ აქვთ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეროვნული თვითგამორკვევა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო სამართალში, თუმცა ის არ უნდა არღვევდეს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას”, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, არსებობს რამდენიმე სახის თვითგამორკვევა, მათ შორის, კულტურული ავტონომია.

“ჩვენ ვხედავთ ასეთ მაგალითებს ევროპის სახელმწიფოებში, სადაც ხალხს შეუძლიათ ასეთი უფლებით ისარგებლონ საკუთარ რეგიონებში. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს შეუძლიათ, რომ ქონდეთ ასეთი კონტაქტები, თუმცა ჩვენ არასოდეს დავუშვებთ მეორე სომხური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არც განიხილება. ასეთი რეფერენდუმი არასდროს ჩატარდება” ,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.


მხარეებმა ომის განახლების შემდეგ რუსეთის შუამავლობით ორი ჰუმანიტარული ზავი დადეს, თუმცა ზავის გაფორმებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართულიყვნენ, თუმცა გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება და მოსახლეობას მოხალისეობრივი ფორმირებების შექმნისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა ახალი დასახლებების აღების შესახებ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი