ახალი ამბები

რას ჰყვება გათავისუფლებული მძევალი ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი, 2020 • 1139
რას ჰყვება გათავისუფლებული მძევალი ირაკლი კვარაცხელია

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც გუშინ ზუგდიდში მძევლად აიყვანეს და  მედიას ვიდეოზარით ეკონტაქტებოდა თავდამსხმელის მოთხოვნით, ჟურნალისტებთან გუშინდელი მოვლენების დეტალები გაიხსენა.

კვარაცხელია და კიდევ 18 ადამიანი გამტაცებელთან ერთად „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. კვარაცხელია ჟურნალისტებთან იხსენებს:

„რაც შეეხება ჩემს ბანკში ყოფნას, მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

როცა გავიგონე გარეთ გასროლა, დავინახე, შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში და მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამინის მისამართით, ვინც, სავარაუდოდ, გარედან იღებდა. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. ამის შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე, იქ დავბინავდით და შემდეგ მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში.

ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა “ტვ პირველში”, მან უთხრა, რომ მას არ ჰონდა ფეისბუკი. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და მე ვუთხარი, რომ მქონდა ფეისბუკი. იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე, რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ პოლიციას, სამართალდამცავებს დაეპირებინათ შტურმი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა“, – ამბობს კვარაცხელია, მის ვრცელ კომენტარს კი Livepress ავრცელებს. 

„თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა ის, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა.

წაიყვანა ბიჭები, ალბათ, იმიტომ, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანათ. მესამე, მძარცველმა თვითონ დაასახელა“,- ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ის, რომ მძეველთა ნაწილი გამტაცებელს იცნობდა, კვარაცხელია განმარტავს – „ასეთი რამ არ გამოუხატავთ“.

„ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას. სამართალდამცავ უწყებებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს სთხოვდა, დაერეკა სადღაც და ხმამაღლა ჰქონდა ჩართული, „სპიკერზე“ ტელეფონი, თვითონ უსმენდა და ეუბნებიდა –  რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში. ძირითადად დავალებული მქონდა მედიასთან დარეკვა და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დამავალებდა, მათთან კონკრეტული წინადადებით გამოსვლა“, – ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც გუშინ ირაკლი კვარაცხელია რამდენიმე ტელეკომაპნიას ბანკის ფილიალიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და გამტაცებლის დავალებით მისი მოთხოვნები გაახმიანა – მედიის ნაწილმა მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დაწერა.

ამის შესახებ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უთხრა:

„ვნახე, რომ სრულიად კატასტროფული, ამორალური კამპანია წამოიწყო გარკვეულმა ჯგუფებმა. დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, დიახ, მე მიმაჩნია, რომ „ნაცინალურ მოძრაობას“ უკეთესად შეუძლია მართოს ეს ქვეყანა, და რა მოხდა მერე? ბანკში ვერ უნდა მივიდე?! ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდე?! გაუგონარი რაღაც ხდება, არ მესმის,“.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი