ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავე აფხაზეთში ვერ შემოვიდეს” – სოხუმი

22 ოქტომბერი, 2020 • 1829
“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავე აფხაზეთში ვერ შემოვიდეს” – სოხუმი

“აფხაზეთის უშიშროების სამსახური არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დამნაშავე აფხაზეთისკენ მოდის”, – განუცხადა დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა აფხაზურ მედიას, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის აფხაზეთში სავარაუდო გადასვლის საკითხთან დაკავშირებით.

ლატიპოვის განცხადებითვე, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადმოკვეთას ვერავინ შეძლებს.

“სასაზღვრო ზონაში რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს”, – ამბობს უწყების წარმომადგენელი.

21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

მძევლები გათავისუფლდნენ – რა ვიცით ამ დროისთვის გამტაცებელზე

მასალების გადაბეჭდვის წესი