ახალი ამბები

რომის პაპმა ღიად დაუჭირა მხარი ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობას

21 ოქტომბერი, 2020 • 2014
რომის პაპმა ღიად დაუჭირა მხარი ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობას

რომის პაპმა ფრანცისკემ ღიად დაუჭირა მხარი ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნირობას. კანონის სასარგებლოდ, რომელიც აღნიშნულ წყვილთა თანაცხოვრებას ლეგალურს ხდის, კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა მასზე მომზადებულ ახალ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა.

ფრანცისკეს წარსულშიც გამოუხატავს ერთნაირსქესიანი  წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის მიმართ მხარდაჭერა. თუმცა პაპის რანგში ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია.

“ისინი ღმერთის შვილები არიან და აქვთ უფლება, ჰქონდეთ ოჯახი”, – ამბობს რომის პაპი დოკუმენტურ ფილმში Associated Press-ის თანახმად. კათოლიკური ეკლესიის ლიდერი მოითხოვს ზემოხსენებულ კანონს, რათა ლგბტ+ ადამიანებმა ლეგალურად შეძლონ თანაცხოვრება.

“ის, რაც ჩვენ უნდა შევქმნათ, არის კანონი სამოქალაქო პარტნიორობაზე. ეს მათ იურიდიულად დაიფარავს. მე მხარს ვუჭერ აღნიშნულს”, – თქვა მან.

დოკუმენტური ფილმი “ფრანცისკე”, რომელშიც პაპმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა, რეჟისორ ევგენი აფინეევსკის მიერ არის მომზადებული. მისი პრემიერა რომის კინოფესტივალზე შედგა.

სამოქალაქო კავშირი ქორწინების თანასწორი არ არის, თუმცა ერთნაირსქესიანთა ურთიერთობას ლეგალურად აღიარებს.  ის არის ლეგალური სტატუსი, რომელიც წყვილებს სახელმწიფოს მიერ მეტწილად ისეთივე დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფს, როგორითაც ქორწინებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი