ახალი ამბები

“მთელი დღეა ვთხოვთ შსს-ს, რომ მოგვცეს მითითებები” — “მთავარი არხი” ზუგდიდის მოვლენებზე

21 ოქტომბერი, 2020 • 767
“მთელი დღეა ვთხოვთ შსს-ს, რომ მოგვცეს მითითებები” — “მთავარი არხი” ზუგდიდის მოვლენებზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოიტანა.

საუბარია შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებაზე, სადაც ის მოუწოდებს მედიასა და ოპერატორებს, ლაივ სიგნალი გათიშოს,  – „წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი“.

როგორც გვარამია ამბობს, მზად არიან შსს-ს ინსტრუქციას დამორჩილონ, თუმცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

“საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე:როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯაროდ მკაფიო და ცალსახა პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას”, — წერს გვარამია ფეისბუქზე.

ნეტგაზეთი “მთავარი არხის” იურისტს, თამთა მურადაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ამ დრომდე შსს-დან ჯერ არავინ დაკავშირებიათ. მისი თქმით, ისინი უწყებისაგან ინსტრუქციების მიღებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, მათ შორის მაშინაც, როდესაც ზუგდიდის საქართველოს ბანკიდან მძევალი დაუკავშირდათ.

“გვგონია, რომ ეს ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იყო. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვთხოვთ შსს-ს, რომ მოგვცენ მითითებები. ვეუბნებით, როგორ დაგეხმაროთ, გვითხარით, მოგვეცით ინსტრუქციები და კონტაქტზე არავინ გამოდის. სამაგიეროდ, დღის ბოლოს მივიღეთ ბრიფინგი, სადაც მედიას ადანაშაულებენ და კონკრეტულად ისრებია ჩვენი არხის წინააღმდეგ. ვცდილობთ, რაიმენაირად ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროა და სამართალდამცავებს შევუწყოთ ხელი, მაგრამ იმდენად ურეაგირებოდ არიან, რომ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი განზრახ ხდება. არ ვიცით, შერჩევითად რომელიმე მედიას აძლევენ ინსტრუქციებს და ჩვენ არა, თუ რატომ ხდება ეს. როდესაც გვიკვაშირდებოდა ეს მძევალი, მივწერეთ კიდეც, რომ კიდევ გამოდის ეს ადამიანი კონტაქტზე და მოგვეცით მითითებები, რა ვქნათ, მაგრამ ნული რეაქცია”, — აცხადებს მურადაშვილი.

როგორც ის ამბობს, ახლა ბრიფინგები “მედიის წინააღმდეგ და მედიის დადანაშაულება ამაში, ძალიან არასერიოზულია” და ეს ყველაფერი “პოლიტიკურ ხასიათსაც” იღებს.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა შსს-ს “მთავარი არხის” მაუწყებლობა გათიშოს, მურადაშვილი გვპასუხობს, რომ მაღალი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით კონსტიტუცია ამის უფლებას იძლევა.

“როდესაც უსაფრთხოებას ეხება საკითხი, შესაძლებელია, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდოს. ზოგადად, არის ეს ჩანაწერი და მათ შორის კონვენციითაც გათვალისწინებულია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი არის, თუ რაიმე საკითხი აუცილებელი არის დემოკრატიისთვის და მაღალი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ამ შემთხვევაში კონვენციაც და ჩვენი კონსტიტუციაც უშვებს ამის შესაძლებლობას”, — ამბობს ის.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ახლა 500 000 აშშ დოლარს ითხოვს გამოსასყიდის სახით.
დაახლოებით 16:00 საათისთვის „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო მოქალაქე — მძევალი — რომელიც ამ დრომდე ბანკში იმყოფება. მისი თქმით, ამჟამად შეიარაღებულ თავდასხმელს ბანკში 19 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მძევალმა თავისი თავი წარადგინა, როგორც ი. კ. მისი მონათხრობიდან გაირკვა, რომ თავდამსხმელის დავალებით რეკავდა. ი. კ-ის თქმით, გამტაცებელი არის „კბილებამდე შეიარაღებული“, კერძოდ, აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა. მძევალმა ასევე თქვა, რომ თავდამსხმელი თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 2 საათს აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს და ამბობს, რომ „ამ თანხის გადახდის შემთხვევაში არავინ დაზარალდება“.

იგივე მძევალი მეორედ 16:45 საათზე ჩაერთო „მთავარ არხს“, სადაც თქვა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არავის სჭირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო.

უწყებამ ასევე მოუწოდა მედიას, ნუ გადასცემს პირდაპირ ეთერში კადრებს, სადაც ჩანს, როგორ წარმართავენ ისინი საპოლიციო ღონისძიებას, რადგან ეს სარისკოა.

პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მედიასაშუალებების ქმედებების ნაწილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლებთან და გამტაცებელთან დაკავშირებული ვითარების გაშუქებას.

„მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა“, – წერს ქარტია.

„კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება“, – წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტიის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით:

  • არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს;
  • არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს;
  • არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო დადგეს“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი