ახალი ამბები

დეკანოიძე: ჩვენი შტაბის წევრებს და მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი SMS-ები გაუგზავნეს

21 ოქტომბერი, 2020 • 858
დეკანოიძე: ჩვენი შტაბის წევრებს და მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი SMS-ები გაუგზავნეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს SMS-შეტყობინებები დაეგზავნათ, სადაც ენმ-ის მხარდამჭერებს აგინებენ და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხებაზე საუბრობენ.

დეკანოიძე ამის შესახებ ფეისბუქზე წერს და ამავე პოსტში “ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა კახიშვილს მიმართავს, რომ ეს ყველაფერი “ამაზრზენია”. ამასთან ერთად, შსს-ს მოუწოდებს, რომ აღნიშნულზე რეაგირება მოახდინონ.

“ღამის სამ საათზე ჩემი შტაბის წევრებს და ჩვენს მხარდამჭერებს მიუვიდათ მსგავსი შეტყობინება. ცენტრალურად აგზავნიან სატელეფონო ბაზებით”, — წერს დეკანოიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შსს-ს და “ქართულ ოცნებასაც” დაუკავშირდა, რომელთა განცხადებასაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი