თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, შესაძლოა, სისხლის ანალიზი აუღონ იმ პაციენტებს, ვინც კორონავირუსისგან ბინაზე გადის მკურნალობას.
ცერცვაძემ დღეს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დღეს ბინაზე დარჩენილ ინფიცირებულებს რაიმე სპეციალური კოვიდ მკურნალობა არ სჭირდებათ. თუმცა, თუ მანამდე რაიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდათ, მკურნალობა ექიმის დანიშნულებით ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.
თუმცა, მისივე თქმით, მალე ბინაზე დარჩენილ პაციენტებს, შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზი და D–დიმერის კონცენტრაციის რაოდენობრივი განმსაზღვრელი კვლევა ჩაუტარონ. ეს უკანასკნელი თრომბის განვითარების რისკს ადგენს.
„დღეს იყო მსჯელობა პრემიერთან იმაზე, რომ რაღაც მინიმალური პაკეტი გამოკვლევის იყოს ეს. შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზი და ე.წ. დედიმერი, რომელიც თქვენთვის უცხო სიტყვაა..
მაგრამ ეს არის სისხლის ანალიზი, რომელიც არის მარკერი თრომბოემბოლიური გართულების რისკისა, რამეთუ თრომბოემბელიური გართულებები, სამწუხაროდ, ამ დაავადებისთვის, კოვიდისთვის ძალიან დამახასიათებელია. მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებშიც“, – განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.
ის ამბობს, რომ „იყო ორი სიგნალი სახლში დატოვებული პაციენტებისგან და რომ ეს სიგნალი არ გახდეს უფრო ხშირი“ და არ შეიქმნას დამატებითი რისკი, „მუშავდება ეს საკითხი“.
„სახლში პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს რაღაც რისკფარტორი, სულ მცირე მაინც – ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გამოკვლევა – სისხლის საერთო და ე.წ. დედიმერი, რაც იქნება გარანტია იმის, რომ მას ასეთი გართულება არ განუვითარდეს“, – ამბობს ცერცვაძე.
რამდენიმე დღის წინ ბათუმის კოვიდ სასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი. იმავე დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლია იყო.
ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/302910/