ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების მანქანას ესროლეს – ენმ

19 ოქტომბერი, 2020 •
კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების მანქანას ესროლეს – ენმ

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბოლნისი-მარნეულის გზაზე “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის მხარადმჭერების მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც “ნეტგაზეთს” ადგილზე დასახმარებლად მისულმა პირმა და კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრმა, გუჯა ჯაფარიძემ განუცხადა, ინციდენტი ბოლნისში, ოქრიაშვილის შტაბის წევრების შეკრებაზე დაიწყო, საიდანაც ოქრიაშვილის მხარდამჭერ ორ პირს მანქანა აედევნა:

“ბოლნისიდან აედევნენ, გზაში სთხოვეს გაჩერება ჰაერში გასროლით და მანქანის დაჯახებით, რომ არ დაემორჩილა [ოქრიაშვილის მხარდამჭერი] მანქანის უკანა ნაწილზე ესროლეს ტყვია. როგორც ვიცი, სულ ექვსჯერ გაისროლეს, აქედან ერთი მოხვდა მანქანას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი განამრტებით, ოქრიაშვილის მხარდამჭერებმა მეორე მანქანაში მსხდომი პირები ამოიცნეს და ისინი “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან. მისივე განამრტებით, ინციდენტი დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, ამჟამად კი ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად “ქართული ოცნების” პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამჟამად მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა გადაამოწმებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლით დაიწყო. 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, 236-ე კი -ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი