ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა და ფაშინიანმა მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვეს

19 ოქტომბერი, 2020 • 1233
ალიევმა და ფაშინიანმა მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზადაა ჩავიდეს მოსკოვში და შეხვდეს ილჰამ ალიევს, რათა შეძლონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკება. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

“ყარაბაღის კონფლიქტი აუცილებლად უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პოზიცია. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი არ ეთანმხება ამ ხედვას. მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რათა მივაღწიოთ ასეთ შედეგს” ,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ TASS-სთან ინტერვიუსას.

ფაშინიანის განცხადებითვე, კონფლიქტის გადაწყვეტა უნდა დაეფუძნოს კომპორმისს – “არა კაპიტულაციას, არამედ კომპრომისს”, აღნიშნა მან.

“თუ მოწინააღმდეგეს არ ექნება მსგავსი მზადყოფნა, ჩვენ მზად ვართ ვიომოთ ბოლომდე ჩვენი ხალხის უფლებებისთვის მთიან ყარაბაღში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა TASS-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ მზადყოფნას რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს, თუმცა განაცხადა, რომ სომხურმა ხელმძღვანელობამ დამაზიანებელი განცხადებებით ხელი შეუშალა მოლაპარაკებების პროცესს.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მზადაა “ხვალვე შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ სომხური მხარე კონსტრუქციულ ქცევას გამოავლენს მოლაპარაკებებისას”

“ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ [სომხურ მხარეს] ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მოსკოვშიც, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის მოგვარების გზების საპოვნელად”,- განაცხადა ალიევმა.


დღეს დილით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა მხარეები უახლოეს მომავალში შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მექანიზმის შემუშავებაზე. მან კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისაკენ.

აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ე.წ. ჰუმანიტარული ზავი ორჯერ დაიდო, თუმცა ორივეჯერ, ზავის ამოქმედებიდან მალევე, მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი