ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ იუწყება – ერევანი უარყოფს

19 ოქტომბერი, 2020 •
ბაქო ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ იუწყება – ერევანი უარყოფს

აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განცხადებით, სომხურმა ძალებმა უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, ჟენევის კონვენცია და მხარეებს შორის მიღწეული ჰუმანიტარული ზავი, რადგან სცადეს, თავს დასხმოდნენ აზერბაიჯანელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ნავთობსადენის ინფრასტრუქტურას. აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს ოფიციალური ერევანი.

მილსადენზე შესაძლო თავდასხმის მცდელობის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

“18 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ხიზის რეგიონში სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს შეტევა მიეტანათ ნავთობისა და ნავთობკონცენტრატების მილსადენებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას” ,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მოახერხა მოწინააღმდეგის რაკეტის განეიტრალება.

“სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიშის განხორციელება სცადეს ხიზის რაიონზე, რომელიც 300 კილომეტრითაა დაშორებული კონფლიქტის ზონიდან. აზერბაიჯანულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს რაკეტის განეიტრალება, თუმცა მისი ფრაგმენტები ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენიდან 250 მეტრის სიახლოვეს ჩამოვარდა”, – აცხადებს აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურა.

ბაქოს ცნობით, თავდასხმის მიზანი აზერბაიჯანისთვის ფინანსური ზიანის მიყენება იყო.

მომხდარს საკუთარი twitter-ის გვერდით გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი. მისი განცხადებით, ბაქოს მიერ გავრცელებული ცნობა ტყუილია.

“აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განცხადება, რომ სომხეთმა ვითომდა დაბომბა ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი, არის აბსოლუტური ტყუილი და კომენტარის გაკეთება ტყუილებზე არ არის საჭირო” ,- ნათქვამია მის განცხადებაში.


აზერბაიჯანულმა მხარემ 6 ოქტომბერსაც განაცხადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე შესაძლო თავდასხმის ფაქტის შესახებ. ილჰამ ალიევის წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჯაჰიევმა ტვიტერზე დაწერა, რომ „სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ესროლა კლასტერული რაკეტა“, თუმცა თავდასხმის შედეგად ნავთობსადენი არ დაშავებულა. მისი თქმით, „მცირე კასეტური ბომბები [რისგანაც რაკეტა შედგება] 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა ნავთობსადენისგან“ და განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბრალდებას უპასუხა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანესიანმა, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:„აზერბაიჯანული მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხური შენაერთები, სავარაუდოდ, ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაზიანებას, თავხედური ტყუილია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი