ახალი ამბები

“გირჩთან” დაკავშირებული ორი ბარის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

19 ოქტომბერი, 2020 • 1501
“გირჩთან” დაკავშირებული ორი ბარის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისის ორი ბარის წარმომადგენელი, სადაც პოლიტიკურ პარტია “გირჩს” “საარჩევნო შტაბი” აქვს გახსნილი, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც “გირჩის” წევრმა ლევან ჯგერენაიამ ნეტგაზეთს უთხრა, ლესელიძისა და ათონელის ქუჩაზე მდებარე ბარებში ჯანდაცვის შრომის ინსპექცია და პოლიცია 16 ოქტომბერს, საღამოს შევიდა, იმ დროს, როცა “გირჩის” შტაბი მუშაობდა და პარტიის წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ. მისივე თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინპქეციის წარმომადგენლებს ამ ბარებისთვის ჯარიმის ოქმი არ ჩაუბარებიათ. აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიწყოს ამ პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. “გირჩის” წარმომადგენელი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ბარის ხელმძღვანელებს ინსპექციის წარმომადგენლებმა მხოლოდ სიტყვიერად უთხრეს, რომ აჯარიმებდნენ, თუმცა მათთვის ოქმი არ გადაუციათ.

ის ასევე გვეუბნება, რომ თბილისსა და ბათუმში, ჯამში, 13 ბარში აქვთ საარჩევნო შტაბი გაკეთებული, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ამ ორი ბარის დირექტორი და მენეჯერია გამოკითხვაზე დაბარებული.

მთავრობის 15 ოქტომბრის დადგენილებით, იმერეთსა და თბილისში რესტორნები, ბარები და კაფეები 07:00 საათიდან 22:00 საათამდე მუშაობენ. მანამდე მსგავსი შეზღუდვა ბათუმში ამოქმედდა. ამ რეგულაციის პირველ ჯერზე დარღვევა ჯარიმას, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, “გირჩს” შტაბში შეკრების უფლება აქვს, თუმცა ალკოჰოლის გაყიდვის- არა. ზურაბ ჯაფარიძე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციისა და პოლიციის ქმედებებს წინასაარჩევნო საქმიანობის ხელშეშლად აფასებს.

“ანუ, საკუთარი ბოცებით რატომ არ დაგაქვთ შტაბში სასმელიო.. კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს: მე რომ ვიპოვო მულტიმილიონერი დამფინანსებელი, რომელიც გირჩს ჩაურიცხავს ბევრ ფულს, მერე ამ ფულით ვიყიდო ასობით ლიტრი არაყი, დავარიგო შტაბებში, მხარდამჭერებთან ერთად დავლიო და თან ვილაპარაკოთ – მაგაზე პრობლემა არ არის, ათი საათის მერე ალკოჰოლში ფულს რა პონტში იხდითო – ამას გვედავებიან არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ამაზე რატომ უნდა ვკარგავდეთ მთელი გირჩი დროს? ეს თუ არაა კამპანიაში ხელის შეშლა, აბა, რა არის?” – წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.

დღეს, 19 ოქტომბერს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დააჯარიმებენ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციებს და საბაბად პოლიტიკურ მიზეზს იყენებენ. გახარიამ ამ კომპანიების წინაღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაც დააანონსა, თუ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესებს კომპანიები მეორედ დაარღვევენ. ამასთან, თქვა, რომ რეგულაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონკრეტულ კომპანიებს და არა პარტიებს.

“რამოდენიმე კომპანიამ მუშაობის გაგრძელება სცადა, რაღაც შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ.  პირადად გპირდებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება. მეორე შემთხვევაში ყველას წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება”,-განაცხადა გახარიამ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ორმა ბარმა კარანტინის წესი დაარღვევა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

“17 და 19 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს “ათონელის” კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ “FELLERS”-ში საქართველოს მთავრობის 2020 წლის N322-ე დადგენილებითა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს”,-აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ კვების ობიექტები კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგაც აგრძელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას.

“ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ. გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში- სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით”, -წერია შსს-ს განცხადებაში. შსს-ს ცნობითვე, ორივე ბარის შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო [იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა].

მასალების გადაბეჭდვის წესი