ახალი ამბები

კორონავირუსის გამო თბილისის 42 ბაღი დაიკეტა

19 ოქტომბერი, 2020 • 1221
კორონავირუსის გამო თბილისის 42 ბაღი დაიკეტა

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის ცალკეული შემთხვევების გამო, დედაქალაქში 183 ბაღიდან 42 დაკეტილია. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობითვე, ინფიცირებულთა შორის ბაღის აღსაზრდელებიც არიან.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და წესების დაცვით 12 ოქტომბრიდან განახლდა. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, თუ ბავშვს შესვლისას სიცხე დაუდასტურდა, მას მშობელს უკან გაატანენ, რომელმაც თავის მხრივ 112-ში უნდა დარეკოს.

თუ ბავშვს სიცხემ სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობისას აუწია, ამისთვის ბაღში უნდა არსებობდეს სპეციალურად გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვს გადაიყვანენ და ეკიპირებული ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამის შესახებ შეატყობინებენ მშობელსაც, თუკი ის მოსვლას დააგვიანებს, 112-ში თავად ბაგა-ბაღის თანამშრომლები დარეკავენ – „ინდივიდუალური შემთხვევებს ცალ-ცალკე განვიხილავთ“.

ნეტგაზეთი ასევე დაინტერესდა ქვეყნის მასშტაბით რამდენი სკოლაა დაკეტილი Covid-19-ის შემთხვევების გამო, თუმცა განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაცემები მუშავდება და მას სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს. დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოში 1186 შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი და გარდაცვლილების რაოდენობა 143-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსის 10 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი