ახალი ამბები

9 თვეში ექსპორტი 12.1%-ით შემცირდა

19 ოქტომბერი, 2020 • 871
9 თვეში ექსპორტი 12.1%-ით შემცირდა

საქასტატის ინფორმაციით, 2020 წლის 9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა თითქმის 15%-ით შემცირდა და დაახლოებით 8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

აქედან ექსპორტი შემცირებულია 12.1%-ით და 2.4 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი შემცირდა თითქმის 16%-ით და 5.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თვეების მიხედვით საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად, 31%-ით მაისში შემცირდა და თვიური ექსპორტის მაჩვენებელმა დაახლოებით 234 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ აშშ დოლარი). ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 21.3%-ს, ხოლო დსთ-ის ქვეყნების წილი 44.7%-ს შეადგენს.

სამ უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანასთან 2019 წელთან შედარებით ექსპორტი ყველაზე მეტად, თითქმის 17%-ით, რუსეთთან შემცირდა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 541.7 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) 304.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ აშშ დოლარით. იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37%-ით არის შემცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი