ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრძოლები გრძელდება | მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

19 ოქტომბერი, 2020 • 1331
ბრძოლები გრძელდება | მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

კონფლიქტის ზონაში, მეორე ჰუმანიტარული ზავის დადების მიუხედავად, ბრძოლები გრძელდება. ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ავრცელებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 19 ოქტომბრის ღამით მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც შეტევაზე გადასვლას ცდილობდა, სამხედრო ოპერაციები განხორციელდა. შედეგად, მათივე განცხადებით, განადგურდა სომხური სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

“ამჟამად ჩვენი ძალები აკონტროლებენ საბრძოლო მოქმედებებს მთლიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, მთელი ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარე ბომბავდა აზერბაიჯანულ დასახლებებს, რომლებიც მოშორებული არიან კონფლიქტის ზონას.

“ღამის განმავლობაში სომხური შეიარაღებული ძალები ბომბავდნენ გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონებს არტილერიის გამოყენებით. დილიდან აღჯაბედის რაიონი არის დაბომბვის ქვეშ”, – აცხადებს სამინისტრო.

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იყო სტაბილურად დაძაბული.

“სროლები გრძელდებოდა ცალკეულ ნაწილებში. ამ დილით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მოწინააღმდეგის ძალებმა განაახლეს ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე თავდასხმა. საპასუხოდ მიღებულია შესაბამისი ზომები საბრძოლო მოქმედებების კონტროლისთვის.”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯაბრაილის რაიონში ახალი დასახლებების აღების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ხოლო გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი Twitter-ის პოსტით განაცხადა, რომ “არწახი (მთიანი ყარაბაღი) არასდროს ყოფილა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, სომეხთა გენოციდის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.”


მხარეებმა ახალი ჰუმანიტარული ზავის მიღწევის შესახებ, 17 ოქტომბრის საღამოს განაცხადეს, რომელიც 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ზავის დაწყებიდან მალევე ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე პირობებს არღვევდა და ცეცხლი არ შეწყვეტილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი