ახალი ამბები

ოზურგეთის 11 საბავშვო ბაღის 83 აღსაზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს

18 ოქტომბერი, 2020 • 1045
ოზურგეთის 11 საბავშვო ბაღის 83 აღსაზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს

ოზურგეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ნაწილს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ დაუდასტურა.

როგორც მაკა ჭყონიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, საუბარია 11 საბავშვო ბაღზე, რომელთა 83 აღსაზრდეს მაღალი ტემპერატურა, ღებინება და დიარეა აღენიშნებათ.

ჭყონია “ნეტგაზეთთან” ყვება, რომ მუნიციპალიტეტის 32 საბავშვო ბაღი 15 ოქტომბერს გაიხსნა, შაბათს, 17 ოქტომბერს კი მიიღეს ინფორმაცია, რომ აღსაზრდელთა ნაწილს ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა:

“32 ბაღი გაიხსნა 15-ში. 32-დან 11 ბღშია დაფიქსირებული, შაბათს გაიგეს 4 საათისთვის, [რომ ბავშვები იყვნენ შეუძლოდ[ მოვიკვლიეთ ჩვენთითონ მსგავსი სიმპტომები ხო არ იყო სხვა ბაღებში და დილის მონაცემებით, 83 ბავშვია, რომელსაც სიცხე ღებინება და დიარეა აღენიშნება. მივმართეთ სურსათის უვნებლობას, ეპიდემიოლოგებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს” – ამბობს მაკა ჭყონია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გურიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა სურსათის მიმწოდებლები, რომლებიც საბავშვო ბაღებს 8 დღის მარაგს აწვდიან.

ამასთან, სეს-ში აღნიშნავენ, რომ გაიცა დამატებითი მითითებები გენერალური რეცხვა-დეზინფექციისა და პერსონალის ენტერობაქტერიებზე კვლევის შესახებ. სააგენტოს თქმით, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება.

ოზურგეთის მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი