ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე სამანქანო მსვლელობას მოაწყობს

18 ოქტომბერი, 2020 • 1055
“ევროპული საქართველო” ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე სამანქანო მსვლელობას მოაწყობს

ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს “ევროპული საქართველო” მთელი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო აქციის მოწყობას გეგმავს. როგორც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, საავტომობილო კოლონა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ სიგნალებით გაემართებიან და ამ გზით აცნობებენ, რომ მისი დრო ამოიწურა:

“ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, ერთიმხრივ ეკონომიკურ კრიზისში და დღითიდღე უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ღარიბდება მთავრობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების და პოლიტიკის გამო და ამას თან ერთვის უმძიმესი ჯანდაცვის კრიზისი, ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში როგორ დრამატულად იზრდება კორონაინფიცირებულთა რიცხვი.

ამის ფონზე, ივანიშვილის და მისი უპასუხისმგებლო მთავრობის ერთადერთი სურვილი, როგორც ჩანს, არის, რომ არჩევნებამდე ისე მიატანონ, იმის იმედად არიან, რომ არ იყოს საარჩევნო აქტივობები და ოპოზიციურმა პარტიებმა არ იაქტიურონ და შეხვდნენ ხალხს და იმედი აქვთ, რომ ამის გამო, ისინი შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. თქვენ იცით, რომ ევროპულმა საქართველომ დაგეგმა გუშინდელი დღისთვის მრალავათასიანი აქცია, მაგრამ იმის გამო, რომ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად, ჩვენ ეს აქცია გავაუქმეთ, გამოვიჩინეთ რა, პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასთან მიმართებაში” – ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური აქტივობა არ შეწყდეს და აქციის ჩატარების ეს ფორმა პანდემიის ფონზე მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით შეარჩიეს:

“შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა. ჩვენ გვექნება აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, ასევე თბილისში და ასევე ავტომანქანების კოლონები შემოვლენ თბილისში და აქ დააფიქსირებენ პროტესტს, უშუალოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. ეს იქნება აქცია, კოდური სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას.“ ასევე ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ მათაც ეს დღე გამოიყენონ იმისთვის, რომ სამანქანო სიგნალებით დააფიქსირონ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ,” – განაცხადა კაპანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი