ახალი ამბები

“ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა” – მაკრონი მასწავლებლის მკვლელობაზე პარიზში

17 ოქტომბერი, 2020 • 1304
“ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა” – მაკრონი მასწავლებლის მკვლელობაზე პარიზში

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პარიზში სკოლის მასწავლებლის მკვლელობის ფაქტს ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა უწოდა. მისი თქმით, მკვლელობის მიზეზი პედაგოგის მიერ გამოხატვის თავისუფლების სწავლებაა.

თავდასხმა 16 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქის  ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში თავი მოკვეთეს ისტორიის მასწავლებელს, რომელმაც, მედიის თანახმად, საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამადის კარიკატურა აჩვენა.

თავდამსხმელს პოლიცია ახლომდებარე ქუჩაზე დაეწია და მოუწოდა, დანებებულიყო. სამართალდამცავების მიმართ მუქარის შემდეგ, ის მოკლეს.

BBC-ის თანახმად, პოლიციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია მკვლელის ვინაობაზე.

გამოძიების ინფორმაციით, საქმის ფარგლებში დაკავებულია 9 ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი. დაკავებულებს შორის ასევე არის მშობელიც მოსწავლისა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც მოკლული მასწავლებელი საქმიანობდა.

“ისინი ვერ გაიმარჯვებენ. ჩვენ ვიმოქმედებთ”, – თქვა ემანუელ მაკრონმა მომხდარის შეფასებისას.

“ჩვენი თანამოქალაქე მოკლეს იმიტომ, რომ თავის მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა”, – დაამატა მან.

პედაგოგის ხსოვნას პატივი მიაგეს საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებმაც. განათლების მინისტრის თქმით კი, ეს არის შეტევა საფრანგეთის რესპუბლიკაზე.

წინასწარმეტყველ მუჰამადის კარიკატურები ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა “შარლი ებდომ” 5 წლის წინ გამოაქვეყნა. 2015 წლის იანვარში მისი ოფისი ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმის სამიზნე გახდა, რასაც 12 ადამიანი შეეწირა.

ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს თავდასხმაში ეჭვმიტანილთა პროცესები. ამასთან, ჟურნალმა წელს კვლავ დაბეჭდა ზემოხსენებული კარიკატურები, რის შემდეგაც “შარლი ებდოს” მიმართ მუქარებმა იმატა. ამის გამო ჟურნალის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს საკუთარი სახლის დატოვებაც მოუხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი