ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომი და გაზრდილი კოვიდ-შემთხვევები – სომხეთის ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა იზრდება

17 ოქტომბერი, 2020 • 1159
ომი და გაზრდილი კოვიდ-შემთხვევები – სომხეთის ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა იზრდება

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსის ინფექციის 1540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა ახალი რიცხვი სომხეთისთვის ანტი-რეკორდს წარმოადგენს. ამჟამად სომხეთში ინფექციის 14,008 მიმდინარე შემთხვევაა, გარდაიცვალა 1,067 ადამიანი.

კორონა-ვირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში 1000-ს პირველად 14 ოქტომბერს გადააჭარბა, რის შემდეგაც, მუდმივად იზრდება.

შექმნილ სამედიცინო ვითარებას ორი დღის წინ გამოეხმაურა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი. ინფორმაციას სომხური Opress.am ავრცელებს. არსენ ტოროსიანის განცხადებით, ქვეყანაში ომი და ვირუსის გავრცელება ზრდის ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლას.

“ჩვენ უკვე ომში ვართ თითქმის 20 დღეა. სომხების მთელი ყურადღება მიმართულია ამისაკენ. ამის პარალელურად, სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი, მაგრამ საჭიროა, არ მოვდუნდეთ. ბოლო დღეებში ჩვენ ევაკუაციას ვახდენთ და ვმკურნალობთ დაჭრილ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს” – განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ამავდროულად, ქვეყანას აქვს კორონა-ვირუსის ინფექციის სწრაფი გავრცელება, რაც ნიშნავს, რომ დაავადება დამარცხებული არ არის.

“სომხეთის მთელ ტერიტორიაზე, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფიქსირდება ახალი ინფიცირების რიცხვის განსაკუთრებული მატება, რაც ომის პირობებში ზრდის ჩვენს ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლის ხარისხს, რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ფატალურად მთავრდება” – აღნიშნა ტოროსიანმა.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა დაიცვან ჰიგიენის ნორმები და სოციალური დისტანცია, ატარონ ნიღბები და გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები.

ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, სომხეთის ჯანდაცვის სისტემამ გეგმიური პაციენტების მიღება შეზღუდა.


მთიან ყარაბაღში ომი 21-ე დღეა მიმდინარეობს. სომხური მხარის განცხადებით, გუშინ ღამით არ მომხდარა მნიშვნელოვანი ტაქტიკური ცვლილებები, თუმცა აზერბაიჯანული მხარე განაგრძობდა შუშისა და სტეფანაკერტის/ხანქენდის დაბომბვას. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, დაიბომბა სიდიდით მეორე აზერბაიჯანული ქალაქი განჯა, რასაც 12 მშვიდობიანი მოსახლის, მათ შორის ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ილჰამ ალიევის განცხადებით კი, აზერბაიჯანმა აიღო ქალაქი ფუზული და მის გარშემო არსებული დასახლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი