ახალი ამბები

წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, მელაშვილი სტრასბურგს მიმართავს

16 ოქტომბერი, 2020 • 801
წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, მელაშვილი სტრასბურგს მიმართავს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ და ბრალდებულის მიმართ თავისუფლების უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დადგენას მოითხოვენ.

როგორც მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა არასაკმარისი მტკიცებულებების ფონზე მიიღო. ამასთან, მარიკაშვილის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციომ კი საჩივარი აღკვეთის გადახედვაზე წარმოებაში არ მიიღო:

“ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების ნაწილს ვასაჩივრებთ, რადგან აპელაციაში სრულდება აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა და შემდგომ აღარ საჩივრდება, ეს ნაწილი შეგვიძლია ახლავე გავასაჩივროთ. მოვითხოვთ მე-5 (ეს არის თავისუფლების უფლების დარღვევა) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას. 

თავისუფლების უფლებასთან მიმართებით არ იყო მტკიცებულებები იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულიყო და განსაკუთრებით, გამოყენებულიყო პატიმრობა, როგორც უკიდურესი ფორმა აღკვეთის ღონისძიებისა. სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში კი პრობლემურია სასამართლოს განჩინებების სტანდარტი და ისიც, რომ არ დაუშვა აპელაციამ ჩვენი საჩივარი და არ მიიღო წარმოებაში”, – ამბობს მარიკაშვილი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროდან მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი არ აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი დღეს, 15 ოქტომბერს, ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი დაუშვებლად ცნო და კომისიის ყოფილი წევრები პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი