ახალი ამბები

რუსეთის ფაქტორის გამო შვედეთი სამხედრო ხარჯებს 40%-ით ზრდის

16 ოქტომბერი, 2020 • 1243
რუსეთის ფაქტორის გამო შვედეთი სამხედრო ხარჯებს 40%-ით ზრდის

რუსეთის ფაქტორის გამო, მზარდი დაძაბულობის ფონზე, შვედეთის მთავრობა სამხედრო ხარჯების 40%-ით გაზრდასა და შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ მოქალაქეთა რიცხვის გაორმაგებას გეგმავს. გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულტქვისტმა, მიმდინარე კვირაში გაახმიანა.

“ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა რუსული მხარე მზად არის, გამოიყენოს სამხედრო საშუალებები თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვაქვს ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ”, – აღნიშნა მინისტრმა 15 ოქტომბერს, რეპორტიორებთან საუბრისას, “გარდიანის” თანახმად.

მისი თქმით, ახალი ინიციატივა, 2021-დან 2015 წლის ჩათვლით, სამხედრო ბიუჯეტის $3.10 მილიარდით გაზრდას გულისხმობს.

შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, თუმცა ახლო კავშირები აქვს მასთან. ცივი ომის შემდეგ ქვეყანამ სამხედრო დანახარჯები მეტად შეამცირა, რათა ბიუჯეტი დაეზოგა. თუმცა ამჟამინდელმა ვითარებამ სტოკჰოლმს არსენალის გადაიარაღებისკენ უბიძგა. ამ პროცესში მან ამერიკული, “პატრიოტის” ტიპის რაკეტებიც შეიძინა. საზღვაო ძალები დამატებით წყალქვეშა ნავს მიიღებენ, არმია და საჰაერო ძალები კი – ახალ თავდაცვით სისტემებს.

ახლო წარსულში შვედეთმა რამდენჯერმე დაიჩივლა თავის საზღვრებში რუსეთის მოქმედებების გამო: სექტემბერში გააპროტესტეს რუსეთის ორი ხომალდის შესვლა შვედეთის ტერიტორიულ წყლებში, ქვეყნის ნებართვის გარეშე, მანამდე კი საუბრობდნენ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი