ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით ვერ გადაიჭრება” – ალიევი

16 ოქტომბერი, 2020 •
“ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით ვერ გადაიჭრება” – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამა ალიევი თურქულ ტელეკომპანიასთან [NTV] ინტერვიუში აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი და არა – მშვიდობიანი.

“ჩვენ უკვე რამდენჯერმე გამოვთქვით საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. მე ვსაუბრობდი ამის შესახებ და ახლაც საკუთარ აზრზე ვრჩები, რომ ჩვენკენ მომართული ყველა მესიჯი, როგორც ახლა, ასევე წინა პერიოდებში, იმით მთავრდებოდა, რომ ამ საკითხის სამხედრო გზით გადაჭრა არ შეიძლება. ჩვენი პოზიციაც ის იყო, რომ მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრილიყო და რა მივიღეთ? 30 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი”, – აცხადებს ალიევი.

სომხეთი კი, როგორც ალიევი ამბობს, 30 წლის განმავლობაში არა მშვიდობისკენ, არამედ “მიწების შენარჩუნებისკენ ისწრაფოდა”.

“ამასთან, სომხეთის ხელისუფლება სულ გათავხედდა. ნახეთ, რას ამბობდნენ ფაშინიანი და მისი თავდაცვის მინისტრი. ფაშინიანი ამბობდა, რომ “ყარაბაღი სომხეთია და წერტილი”, თავდაცვის მინისტრი კი აცხადებდა, რომ ახალ ომს დაიწყებს აზერბაიჯანთან ახალი მიწებისთვის. ეს ღია მუქარა იყო ჩვენთვის. კონფლიქტის რა მშვიდობიან გადაჭრაზეა საუბარი?!

ჩვენი მიდგომაა, რომ ეს საკითხი სამხედრო-პოლიტიკური გზით გადაიჭრას, ასევე, გვინდა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და დიპლომატიური პროცესი დაიწყოს. მე მესმის, რომ აქტიური შეტაკებების ფაზის შემდეგ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებაზე უნდა იფიქრონ. ჩვენ გვინდა სამხედრო გზით პროცესის დასრულება, მაგრამ სომხეთი ჯერ კიდევ უშვებს აზრს, რომ დაკარგულს დაიბრუნებს, ანუ ჩვენი მიწების დაბრუნებას შეძლებს. ამიტომაც თავს გვესხმის მუდმივად ბრძოლის ხაზზე”, – აცხადებს ალიევი.


27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური ბაქო პერიოდულად იუწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

ყარაბაღში მიმდინარე ამბებზე განახლებულ ინფორმაციას გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი