ახალი ამბები

მდინარაძემ ვაშაძეს “კობახიძის საათი აჩუქა”

15 ოქტომბერი, 2020 • 2180
მდინარაძემ ვაშაძეს “კობახიძის საათი აჩუქა”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატებისას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, “ირაკლი კობახიძის კუთვნილი საათი” გადასცა.

მდინარაძის განცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკურ ვიდეოკლიპში ნაჩვენები საათები, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ძვირადღირებულ საათებს ატარებენ, რეალურად არც მას და არც კობახიძეს არ ეკუთვნის.

“საათებთან დაკავშირებით მან [ვაშაძემ] პიარ კამპანიის აწყობა გადაწყვიტა, მაგალითად, ჩემი საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ის საათი, რომელიც თავის სარეკლამო კლიპში გამოფინა. ირაკლი კობახიძის საათი საერთოდ არ იყო ის, რომელიც აქ [კლიპში] არის წარმოდგენილი. მე მინდა მას ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე ის საათი, რომელიც არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ შეახსენებს იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ სტუდიაში მიტანილი საათი არის ყალბი, ვიდეოკლიპში კი “ყველაფერი ფაქტია”.

“ეს საათი თქვენ წაუღეთ იმას, ვინც გამოგატანათ, რეალური საათის დაბრუნება კი აუცილებლად მოუწევს”, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ საათის გადაცემის მომენტში ჰკითხა მდინარაძეს, უკეთია თუ არა თავდაცვის მინისტრს 600 000 ათასის ღირებულების საათები, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს თავდაცვის მინისტრის უნდა მოჰკითხოს და მას “წარმოდგენა არ აქვს”.

ამასთან, ვაშაძემ მდინარაძეს აჩვენა სახლის სურათიც და ჰკითხა, იყო თუ არა “ეს სასახლე” გიორგი გახარიასი, რაზეც მდინარაძემ განაცხადა, რომ “ეს დეტალები” არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი