ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ტყვეთა დახვრეტის შესახებ ვიდეომასალის ნამდვილობას ვიძიებთ” – ბაქო

15 ოქტომბერი, 2020 • 1656
“ტყვეთა დახვრეტის შესახებ ვიდეომასალის ნამდვილობას ვიძიებთ” – ბაქო

სომხეთისა და დე ფაქტო ყარაბაღის დროშიანი ჯარისკაცების შესაძლო დახვრეტის ამსახველ ვიდეომასალას სომხეთის სახალხო დამცველი, არმან ტატოიანი გამოეხმაურა. ვიდეომასალის ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს აზერბაიჯანულ მხარეს.

“გავრცელდა ორი ვიდეო, ასევე, ფოტომტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არაადამიანურად, განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან სომეხ ტყვეებს”, – განაცხადა სომხეთის სახალხო დამცველმა, რასაც მალევე გამოეხმაურა აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურა, რომლის განცხადებითაც, გავრცელებული კადრების ნამდვილობა საეჭვოა.

“ამ ვიდეოებში აზერბაიჯანული არმიის წევრები ამცირებენ სამხედრო ტყვეებს და შემდეგ კლავენ, რასაც თან ერთვის განსაკუთრებული ცინიზმი. აზერბაიჯანელი ჯარისკაცების ქცევა და საუბარი სავსეა სიძულვილით. ვიდეოები გავრცელდა აზერბაიჯანული წყაროების მიერ”, – ნათქვამია ტატოიანის განცხადებაში.

ამასთან, მისივე განცხადებით, “მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო კავშირი აღნიშნულ ფაქტთან, დაიწყო ამ ვიდეობის ინტერნეტიდან წაშლა. ვიდეოები შეიცავს სამხედრო დანაშაულის უტყუარ მტკიცებულებას”.

ომბუდსმენის განცხადებიდან ირკვევა, რომ სომხეთის სახალხო დამცველის ოფისმა შეძლო დაედგინა ვიდეოში მომხდარი ფაქტის ადგილმდებარეობა და დრო. ასევე, მისივე თქმით, აღნიშნული მასალები გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ დამკვირვებლებს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რომელსაც გამოცემა APA ავრცელებს, პირველადი ნიშნებით, ვიდეო ყალბია.

“ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება დეტალური ინფორმაცია”, – ნათქვამია ბაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეოები, სადაც ასახულია სომხეთისა და დე ფაქტო ყარაბაღის დროშიანი ჯარისკაცების დახვრეტის ფაქტი, დღეს სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, აღნიშნული სოციალური ქსელების შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, ვიდეოები მალევე წაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი